საქართველოს ელჩმა აზერბაიჯანის წამყვანი ტურისტული კომპანიების წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა

საქართველოს საელჩოს ინიციატივით მრგვალი მაგიდის ფორმატში გაიმართა საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის, ზურაბ პატარაძის შეხვედრა აზერბაიჯანის წამყვანი ტურისტული კომპანიების წარმომადგენლებთან.
როგორც “კვირას” საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველო-აზერბაიჯანის თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებს ტურიზმის სფეროში.
შეხვედრაზე საქართველოს ელჩმა ადგილობრივ ტუროპერატორებს მიაწოდა უახლესი ინფორმაცია საქართველოს მზარდ ტურისტული პოტენციალზე. ყურადღება გამახვილდა ხელისუფლების მიერ ინიცირებულ ახალ პროექტებზე, რაც საქართველოში ტურისტების მოზიდვას გულისხმობს. ელჩმა განაცხადა, რომ საქართველო, მსოფლიო მასშტაბით, აღიარებულია ერთ-ერთ უსაფრთხო ქვეყნად, რაც კიდევ უფრო ფართო შესაძლებლობებს უხსნის სახელმწიფოს, უმასპინძლოს მზარდ ტურისტულ ნაკადს წელიწადის ოთხივე სეზონზე.
შეხვედრაზე ელჩმა ყურადღება, ასევე, გაამახვილა ქართველი და აზერბაიჯანელი ტურ-ოპერატორების კოორდინირებულ მუშაობაზე, ერთობლივი ტურპაკეტების შემუშავებაზე, ლოჯისტიკურ საკითხებზე – მესამე ქვეყნებიდან ტურისტების მოზიდვის მიზნით. მრგვალი მაგიდის ფორმატი კითხვა-პასუხის რეჟიმში მიმდინარეობდა. ადგილობრივ ტუროპერატორებს მიეწოდათ სრულყოფილი ინფორმაცია საქართველოს ტურიზმის სფეროში არსებული ვითარების შესახებ.
შეხვედრის დასასრულ, აზერბაიჯანელ ტურ-ოპერატორებს საჩუქრად გადაეცათ საქართველოს ტურისტული პოტენციალის ამსახველი მრავალფეროვანი საინფორმაციო ბუკლეტები და ქართული ღვინო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები