აფხაზეთში, 1992-1993 წლების შეიარაღებული კონფლიქტის შედეგად უგზო-უკვლოდ დაკარგულთა მოძიების მიზნით, ორმოც სამარხზე მეტი გაიხსნება

0

აფხაზეთში, 1992-1993 წლების შეიარაღებული კონფლიქტის შედეგად უგზო-უკვლოდ დაკარგულთა მოძიების მიზნით, ორმოც სამარხზე მეტი გაიხსნება – ამის შესახებ ნათქვამია “წითელი ჯვრის” საერთაშორისო კომიტეტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
მათივე ინფორმაციით, 40-ზე მეტ სავარაუდო სამარხზე “წითელი ჯვრის” საერთაშორისო კომიტეტის ექსპერტები სამედიცინო ანთროპოლოგიის დარგში 19 ივნისიდან სექტემბრამდე იმუშავებენ.
„გადაწყვეტილება გათხრების დაწყების შესახებ მიღებულ იქნა 2010 წელს “წითელი ჯვრის” საერთაშორისო კომიტეტის, როგორც ნეიტრალური შუამავლის, ეგიდით შექმნილი საკოორდინაციო მექანიზმის ფარგლებში. მექანიზმი აფხაზი და ქართველი მონაწილეებისგან შედგება და მისი ფუნქცია მხოლოდ და მხოლოდ ჰუმანიტარულია – პასუხი გაეცეს გაუჩინარებული ადამიანების ოჯახებს; გაირკვეს იმ ადამიანების ხვედრი და ადგილსამყოფელი, რომლებიც ჯერ კიდევ უგზო-უკვლოდ დაკარგულებად მიიჩნევიან მიუხედავად იმისა, რომ კონფლიქტის დასრულების შემდეგ მრავალი წელია გასული. ადგილობრივი ახალგაზრდა სპეციალისტები – არქეოლოგები, ანთროპოლოგები – პროფესიული უნარების განვითარების ფარგლებში უკვე მესამე წელია, მონაწილეობენ გათხრებისა და ექსჰუმაციის პროცესში. 2010 წლიდან, აღნიშნული პროცესის ფარგლებში, 430-მდე ადამიანის ნეშტი იქნა მოძიებული. აქედან 163 ნეშტი უკვე იდენტიფიცირებულია “წითელი ჯვრის” საერთაშორისო კომიტეტის მხარდაჭერით და გადაეცა ოჯახებს. სხვა მოძიებული ნეშტების იდენტიფიცირების პროცესი გრძელდება“, – ნათქვამია “წითელი ჯვრის” საერთაშორისო კომიტეტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი