მამუკა ბახტაძე: ჩვენ გვაქვს ყველანაირი პოტენციალი, საქართველო გავხადოთ მაღალტექნოლოგიური პროდუქციის მწარმოებელი ქვეყანა

ღრმად მწამს, ჩვენ გვაქვს ყველანაირი პოტენციალი, საქართველო გავხადოთ მაღალტექნოლოგიური პროდუქციის მწარმოებელი ქვეყანა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ ინოვაციების მიმართულებით ახალი 650 000-ლარიანი საგრანტო პროგრამის გამოცხადებაზე სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა.

ახალი პროგრამა საქართველოში სტარტაპების უფრო მეტად წახალისებას ისახავს მიზნად.

პრემიერ-მინისტრმა ღონისძიებაზე მოწვეულ სტუმრებს აღნიშნული მიმართულებით დაგეგმილი სიახლეები გააცნო და განაცხადა, რომ უახლოეს პერიოდში საქართველოს პარლამენტს სტარტაპებთან დაკავშირებით საკანონმდებლო ინიციატივა წარედგინება.

„სტარტაპებთან დაკავშირებით კანონზე მუშაობა უკვე დაწყებულია, მას შემდეგ, რაც განათლების რეფორმა დამტკიცდება საქართველოს პარლამენტში, ჩვენ მეორე დღესვე შევიტანთ სტარტაპების შესახებ კანონს, რაც საშუალებას მოგვცემს, რომ ამ კუთხით არსებული სამართლებრივი სივრცე შევავსოთ. მეორე საკითხი, ეს არის წვდომა ფინანსებზე. ძალიან საინტერესო ინიციატივები მუშავდება ფინანსური ტექნოლოგიების კუთხით. განსაკუთრებული სურვილი მაქვს, სტარტაპერები აქტიურად იყვნენ ჩართული ფინანსური ტექნოლოგიების განვითარებაში, რადგან ეს არის პროდუქტი, რომელსაც მასშტაბირების ძალიან დიდი პოტენციალი აქვს”, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

პრემიერ-მინისტრმა მაღალი ტექნოლოგიების განვითარების მიმართულებით საქართველოს პოტენციალზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ ქვეყანას აქვს შანსი, მაღალი ტექნოლოგიების სფეროში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ექსპორტიორი გახდეს.

კიდევ ერთი კანონი, რომელიც პარლამენტში განხილვის პროცესშია, საქართველოში საერთაშორისო კომპანიების არსებობას ეხება. მთავრობის მეთაურმა სტარტაპერებს მიაწოდა ინფორმაცია, რომ კანონპროექტის საფუძველზე უნიკალური საგადასახადო შეღავათები გავრცელდება ყველა იმ კომპანიაზე, რომელიც საქართველოში რეგიონულ ოფისს გახსნის.

„ჩვენ გვჭირდება გიგანტი კომპანიები, დიდი სახელები საქართველოში, რომელიც საშუალებას მოგვცემს, თქვენ მიიღოთ ძალიან მნიშვნელოვანი შეკვეთები, კონტრაქტები და გახდეთ დიდი ეკოსისტემის ნაწილი. უნიკალური საგადასახადო შეღავათები გვაქვს ყველა იმ კომპანიისთვის, რომელიც საქართველოში დააარსებს მთავარ ოფისს, მას აქ ექნება კვლევებისა და განვითარების განყოფილება, შესაბამისად საშუალებას მისცემს ქართულ სტარტაპერებს, უფრო აქტიური მონაწილეობა მიიღონ გლობალურ ეკონომიკაში. ივნისში მე მაქვს „როუდშოუ” რამდენიმე მსხვილ ამერიკულ ქალაქში და დარწმუნებული ვარ, წლის ბოლომდე რამდენიმე, მინიმუმ ორი საერთაშორისო დონის მსხვილი აქსელერატორი აუცილებლად გვეყოლება საქართველოში. ეს საშუალებას მოგვცემს, დღეს არსებული ხარვეზები ბოლომდე შევავსოთ”, – აღნიშნა პრემიერმა.

მამუკა ბახტაძემ ფინანსებზე წვდომის კუთხით არსებულ სირთულეებზეც გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ მთავრობა უახლოეს მომავალში წარადგენს ახალ კანონპროექტს საინვესტიციო ფონდების შესახებ, რომელშიც ე.წ ვენჩურული ფონდების მიმართულებასაც მოიცავს და გაზრდის სტარტაპერების წვდომას ე.წ ვენჩურულ კაპიტალზე. 

მთავრობის მეთაურმა სიტყვით გამოსვლისას ასევე ისაუბრა განათლების რეფორმის მნიშვნელობაზე და აღნიშნა, რომ ეს ეროვნული იდეა წარმატებული, ერთიანი და ძლიერი საქართველოს გარანტი გახდება.

ახალი 650 000-ლარიანი საგრანტო პროგრამა, რომელიც ინოვაციური პროექტების დაფინანსებას ითვალისწინებს, ტექნოპარკში გამოცხადდა.

პროგრამა ქართულ მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოებს, რომელთაც საკუთარი ინოვაციის განვითარებისა და მსოფლიო დონეზე წარდგენის პოტენციალი აქვთ, ხელს შეუწყობს, ინოვაციური პროდუქტის პოზიციონირება გლობალურ ბაზარზე განახორციელონ.

თანადაფინანსების ინოვაციური გრანტების პროგრამას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით ახორციელებს. ტექნოპარკში გამართულ ღონისძიებას, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, მსოფლიო ბანკის წარმომადგენლები, ექსპერტები და სტარტაპერები დაესწრნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები