30 მაისს Korean Air-ი სეულიდან თბილისის მიმართულებით ჩარტერულ რეისს შეასრულებს

30 მაისს სამხრეთ კორეული ავიაკომპანია Korean Air-ი სეულიდან თბილისის მიმართულებით ჩარტერულ რეისს შეასრულებს. ამ დღესთან დაკავშირებით თბილისის საერთაშორისო აეროპორტში საზეიმო ცერემონია გაიმართება, რომელსაც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე – აკაკი საღირაშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე – ალექსანდრე ხვთისიაშვილი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ,,საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ დირექტორი – გიორგი ჩოგოვაძე, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი – მარიამ ქვრივიშვილი და TAV GEORGIA-ს წარმომადგენლები დაესწრებიან.
,,საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით“, საქართველოს მთავრობა აქტიურად თანამშრომლობს კორეის რესპუბლიკასთან. უკვე მეორე წელია, Korean Air-ი სეულიდან თბილისის მიმართულებით პირდაპირ ჩარტერულ რეისებს ასრულებს. შარშან სეულიდან თბილისის მიმართლებით 3 პირდაპირი ფრენა განხორციელდა და 557-მა მგზავრმა ისარგებლა. წელს ჩარტერების რაოდენობა ორმაგდება. პირველი რეისი სეულიდან თბილისის მიმართულებით და პირიქით  30 მაისს შესრულდება. 27 ივნისის ჩათვლით კი სულ კორეის დედაქალაქიდან საქართველოს მიმართულებით 6 ფრენა განხორციელდება“, – აცხადებენ ,,საქართველოს აეროპორტების გაერთიანებაში“.
მათივე განცხადებით, ქვეყნის მიმართ ინტერესი იზრდება – 2018 წელს სამხრეთ კორეიდან საქართველოში 13278 საერთაშორისო ვიზიტი შედგა, ზრდა 2017 წელთან შედარებით 112.2%-ით მეტია.
ცნობისთვის, კორეის უმსხვილესმა ტურისტულმა კომპანია Hanjin Travel-მა მიმდინარე წლის დასაწყისში კორეელი ტურისტებისთვის საქართველოს მიმართულებით ტურისტული პაკეტების გაყიდვა დაიწყო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები