გიორგი გახარია: ის ხალხი წავა სახლში და ზუგდიდელები დარჩებიან ახალ მერთან ზუგდიდში
„ჩვენ მეგრელებს სტუმარმასპინძლობას ვერ გვასწავლის ვერავინ, ამიტომ, რა თქმა უნდა, ყველას გავუმასპინძლდებით, ასევე, მეგობრებად დავშორდებით ერთმანეთს, უბრალოდ, ის ხალხი წავა სახლში და ზუგდიდელები დარჩებიან ახალ მერთან ზუგდიდში“,- ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი გახარიამ სენაკში, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
„მე დღეს დილით ხმა მივეცი მთაწმინდაზე, შემდეგ ჩამოვიარე ყველგან, სადაც კი არჩევნები ტარდება, მარნეული, ზესტაფონი, ჭიათურა, ახლა ვარ აქ და გავაგრძელებ მოძრაობას ზუგდიდისკენ. საარჩევნო პროცესის შეფასება ჩემი საქმე არ არის, ამისთვის დამკვირვებლები არსებობენ და არსებობს ცესკო, თუმცა, ერთმნიშვნელოვნად ფაქტია ის, რომ მიუხედავად იმისა, რომ არის მცდელობა არაფრისგან თემების შექმნის და ამ მცდელობას დღეს მთელი დღის განმავლობაში ვაკვირდებოდი, ზუგდიდში შედარებით უფრო ემოციურად მიმდინარეობს არჩევნები, თუმცა ყველაფერი არის ნორმალურად.
მე მოვისმინე რამდენიმე სადამკვირვებლო კომისიის შეფასება. არის გარკვეული პრობლემები, თუმცა არაფერი მნიშვნელოვანი იქ არ ხდება, დარწმუნებული ვარ, რომ როგორც მთელ საქართველოში, ისე ზუგდიდში, მშვიდად, დემოკრატიულად, თავისუფალ გარემოში, ზუგდიდელებს ექნებათ საშუალება, აირჩიონ ქალაქის მერი.
ასევე მინდა ყველას ვუთხრა, რომ დიდი რაოდენობის ადამიანების კონცენტრირება მოხდა ზუგდიდში. ჩვენ, მეგრელებს სტუმარმასპინძლობას ვერ გვასწავლის ვერავინ, ამიტომ, რა თქმა უნდა, ყველას გავუმასპინძლდებით, ასევე, მეგობრებად დავშორდებით ერთმანეთს, უბრალოდ, ის ხალხი წავა სახლში და ზუგდიდელები დარჩებიან ახალ მერთან ზუგდიდში“,- განაცხადა გიორგი გახარიამ.