ცესკო: მოვუწოდებთ საარჩევნო პროცესში ჩართულ ყველა მხარეს, ხელი შეუწყონ არჩევნების მშვიდ და თავისუფალ გარემოში ჩატარებას

“ყველა საარჩევნო უბანი დროულად, 08:00 საათზე გაიხსნა ამომრჩევლებისთვის და მიმდინარეობს კენჭისყრის პროცესი”, -ამის შესახებ ცესკოს პრესსპიკერმა, ანა მიქელაძემ ჟურნალისტებს საინფორმაციო ბრიფინგზე განუცხადა.
მისი თქმით, საარჩევნო ადმინისტრაცია მზად არის არჩევნების პროფესიულ და ყველასათვის ხელმისაწვდომ გარემოში ჩასატარებლად. ანა მიქელაძემ აღნიშნა, რომ წყალტუბოსა და ტყიბულის 8 საარჩევნო უბანზე, იქ, სადაც ხმის ელექტრონული დათვლის საპილოტე პროექტის შემდეგი ეტაპი მიმდინარეობს, ამომრჩევლები ყოველგვარი დაბრკოლების გარეშე, ახალი ტექნოლოგიების გამოყენებით, მონაწილეობენ არჩევნებში. საუბნო საარჩევნო კომისიების წევრები, საჭიროების შემთხვევაში, მზად არიან დაეხმარონ და დამატებითი ინსტრუქტაჟი გაუწიონ თითოეულ ამომრჩეველს აღნიშნულ პროცესში.
„ამომრჩევლებს შევახსენებთ, რომ საარჩევნო უბანზე მისვლისას, თან უნდა იქონიონ საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა ან საქართველოს მოქალაქის პასპორტი. დღეს ამომრჩევლები ძირითადად ერთ საარჩევნო ბიულეტენს მიიღებენ, ხოლო ზესტაფონსა და ჭიათურაში, იმ ადგილობრივ მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქებში, სადაც მერის რიგგარეშე არჩევნებთან ერთად, საკრებულოების შუალედური არჩევნები იმართება, 2 ბიულეტენს. შეგახსენებთ, რომ ხმის მიცემა ფარულია. ამომრჩეველი საკუთარ არჩევანს აკეთებს ხმის მიცემის კაბინაში“, – განაცხადა პრესსპიკერმა.
მისივე თქმით, ნებისმიერ ამომრჩეველს, ონლაინ, ცესკოს ვებგვერდის საშუალებით შეუძლია გაიგოს მისი საარჩევნო უბნის მისამართი. აღნიშნულ ინფორმაციას ამომრჩეველი ასევე ცესკოს სატელეფონო-საინფორმაციო ცენტრშიც მიიღებს, რომელიც დღეს 00:07 საათიდან მუშაობს. მუშაობს ონლაინ ჩათიც.
„არჩევნებს საკმაოდ დიდი რაოდენობის ადგილობრივი და საერთაშორისო დამკვირვებლები, საარჩევნო სუბიექტებისა და მედიის წარმომადგენლები აკვირდებიან, რაც თავის მხრივ, ხელს უწყობს პროცესის საჯაროობას. აქვე მინდა შეგახსენოთ, რომ საარჩევნო კანონმდებლობის მიხედვით, დღეს, კენჭისყრის შენობაში იკრძალება აგიტაცია. ასევე, აკრძალულია წინასაარჩევნო ფასიანი და უფასო რეკლამის განთავსება ტელევიზიასა და რადიოში. ამას გარდა, დღეს, 20:00 საათამდე იკრძალება არჩევნებთან დაკავშირებული საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგების გამოქვეყნება.
მთელი დღის მანძილზე, საარჩევნო ადმინისტრაცია მუდმივად მოგაწვდით ინფორმაციას კენჭისყრის დღის მიმდინარეობის შესახებ. გაიმართება საინფორმაციო ბრიფინგები. ჩვენ ასევე მოგაწვდით ინფორმაციას ამომრჩეველთა აქტივობის შესახებ. საარჩევნო ადმინისტრაცია მოუწოდებს ამომრჩევლებს, მიიღონ მონაწილეობა არჩევნებში. ასევე, მოვუწოდებთ საარჩევნო პროცესში ჩართულ ყველა მხარეს, ხელი შეუწყონ არჩევნების მშვიდ და თავისუფალ გარემოში ჩატარებას“, – აღნიშნა ანა მიქელაძემ.
შეგახსენებთ, რომ დღეს, თბილისში, №1 მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში, საქართველოს პარლამენტის შუალედური არჩევნები იმართება. ამას გარდა, მარნეულის, ზესტაფონის, ჭიათურის, ზუგდიდისა და ხულოს მუნიციპალიტეტების მერების რიგგარეშე და საგარეჯოს, ახმეტის, ადიგენის, ზესტაფონის, ჭიათურის, ტყიბულის, წყალტუბოსა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტების ადგილობრივ მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქებში საკრებულოების შუალედური არჩევნები ტარდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები