პატრიარქი: ოჯახი ბედნიერია, თუ ის კანონიერია, კანონიერი ოჯახი კი შედგება მამაკაცისა და დედაკაცისგან
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ სამების საკათედრო ტაძარში ოჯახის სიწმინდის დღის აღსანიშნავ მსვლელობაში მონაწილეებს მიმართა.
როგორც მან აღნიშნა, დედისა და მამის ლოცვა-კურთხევას სასწაულის მოხდენა შეუძლია.
„უფალი ბრძანებს – პატივი ეცი მამასა შენსა და დედასა შენსა, რათა კეთილ გეყოს შენ და დღეგრძელ იყო ქვეყანასა ზედა. მივმართავ ყველას, ვისაც ჰყავს დედა და მამა, ერთ-ერთი მაინც – დაუჩოქეთ დღეს, დაიჩოქეთ იმათ წინაშე და სთხოვეთ ლოცვა-კურთხევა. დედისა და მამის ლოცვა-კურთხევა ქმნის სასწაულს, სასწაულს ნახავთ თქვენ ცხოვრებაში, ბედნიერი იქნებით. გახსოვდეთ, რომ ოჯახი ბედნიერია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ის კანონიერი ოჯახია, კანონიერი ოჯახი კი შედგება მამაკაცისა და დედაკაცისგან. ბედნიერები იყავით, ბედნიერი იყოს ყოველი ოჯახი საქართველოსა და მსოფლიოში, ჩვენთან არს ღმერთი“, – განაცხადა ილია მეორემ.