ნათია თურნავა: განათლება, მათ შორის, საზღვაო განათლება ჩვენი მთავრობის უმთავრესი პრიორიტეტია

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, ნათია თურნავა ბათუმში საქართველოს საზღვაო აკადემია ეწვია, სადაც უმაღლესი სასწავლებლის საგანმანათლებლო პროცესსა და სასწავლო-საწვრთნელ ინფრასტრუქტურას გაეცნო. მინისტრი, ასევე, გაესაუბრა აკადემიის პროფესორ-მასწავლებლებსა და სტუდენტებს.
ნათია თურნავამ ხაზი გაუსვა პროფესია მეზღვაურის მნიშვნელობას ქვეყნის ეკონომიკისთვის, რა რაოდენობის კონტრიბუცია მოაქვთ მათ ქვეყნისთვის და, ზოგადად, რა პერსპექტივები და სამომავლო გეგმები განხორციელდება ამ კუთხით.
შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში მიმდინარეობდა, სადაც სტუდენტებს შესაძლებლობა ჰქონდათ, კითხვები უშუალოდ ეკონომიკის სამინისტროს წარმომადგენლებისთვის დაესვათ.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს მეგზურობა საზღვაო აკადემიის რექტორმა, ირაკლი შარაბიძემ გაუწია. მასთან ერთად, სასწავლებელში იმყოფებოდა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორი – თამარ იოსელიანი.
„დღეს დავათვალიერეთ ბათუმის საზღვაო აკადემია. გავეცანი პროფესორ-მასწავლებლებსა და სტუდენტებს. ბათუმის სასწავლებელი, რომელიც 1901 წელსაა დაარსებული, ძალიან დიდი ტრადიციის მქონე აკადემიაა. სასწავლებლის ადმინისტრაციას ამბიციური გეგმები აქვს სასწავლო პროცესის სრულყოფის მიმართულებით, რაც შრომის საერთაშორისო ბაზრებზე არსებული მოთხოვნით არის განპირობებული. ჩვენ საზღვაო აკადემიას ამბიციური გეგმის შესასრულებლად მხარში დავუდგებით”, – განაცხადა მინისტრმა ჟურნალისტებთან საუბარში.
ნათია თურნავას თქმით, საზღვაო აკადემია გეგმავს, გააფართოოს იმ საზღვაო პროფესიათა ჩამონათვალი, რომელშიც სტუდენტებს მოამზადებს.
„განათლება ჩვენი მთავრობის უმთავრესი პრიორიტეტია და სწორედ ასეთი კონკრეტული პროგრამების მხარდაჭერითა და დაფინანსებიდან შედგება ჩვენი სამომავლო, მძლავრი საგანმანათლებლო პროგრამები და ბიუჯეტი”, – განაცხადა მინისტრმა.
ნათია თურნავას განცხადებით, დღეს აკადემია ერთ-ერთი ლიდერია საქართველოში სტუდენტების მხრიდან მოთხოვნის თვალსაზრისით. 2018 წელს სასწავლებელი საქართველოს მასშტაბით პირველ ადგილზე გავიდა ერთიან ეროვნულ გამოცდებში პირველ ნომრად მითითებული განაცხადების პროცენტული მაჩვენებლებით. ამჟამად, საზღვაო აკადემიაში 3000-მდე სტუდენტი სწავლობს.
საქართველოს საზღვაო აკადემიაში ხორციელდება შემდეგი საზღვაო სექტორში დასაქმებულთა განათლება/გადამზადება და მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები:
დასრულდება მეზღვაურთა საწვრთნელი ახალი აუზის მშენებლობა, რომელსაც საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო აფინანსებს 300 000 ლარით, ასევე განახლდება სამანქანე განყოფილების სიმულატორ, რომელსაც აჭარის მთავრობა დააფინანსებს, მისი პრეზენტაცია კი 2019 წლის შემოდგომაზე გაიმართება.
დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტები მოიცავს, ასევე, საზღვაო აკადემიის სასწავლო ახალი კორპუსის მშენებლობას, რომლის პროექტიც უკვე შემუშავებულია.
საზღვაო-საკრუიზო მიმართულებით კადრების გადამზადებასთან დაკავშირებით საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო და ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემია იწყებენ სრულიად ახალ პროცესს, რომელიც საკრუიზო გემებზე მაღალანაზღურებად პოზიციებზე ქართველების დასაქმებას შეუწყობს ხელს. ასეთი ტიპის წვრთნები და გადამზადება არ საჭიროებს წლობით სწავლას და შედეგების მიღწევა დასაქმების თვალსაზრისით ძალიან მოკლე ვადაშია შესაძლებელი.
აღსანიშნავია, რომ ამ მიმართულებით თანამშრომლობის სურვილს გამოთქვამს ბევრი ევროპელი გემთმფლობელი, მათ შორის ამ ეტაპზე ყველაზე მსხვილი დამსაქმებელი Columbia Shipmanagment LTD, Tsakos Columbia, Tallink Group და სხვ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები