ნათია თურნავა: ამოცანა ნათელია – დაჩქარებული ეკონომიკური ზრდა, რომელიც უნდა გადანაწილდეს ყველა ოჯახის სასარგებლოდ

„ჩვენ წინაშე მდგარი ამოცანა ნათელია – ესაა დაჩქარებული ეკონომიკური ზრდა, რომელიც უნდა გადანაწილდეს ყველა ოჯახის სასარგებლოდ”, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ განაცხადა.
გადაცემა „ფორბსის კვირისთვის” მიცემულ ინტერვიუში მინისტრმა ყურადღება პრიორიტეტულ მიმართულებებზე გაამახვილა.
„პირველია სწრაფ ზრდაზე მორგებული საინვესტიციო პოლიტიკა – „ერთი ფანჯრის პრინციპი”, რომელიც ასევე ითვალისწინებს პრივატიზაციის პროცესის დაჩქარებას. ამ მიზნით, ჩვენ ვგეგმავთ ქონების მართვის სააგენტოს რეფორმირებას. დაჩქარებული ეკონომიკური ზრდისთვის აუცილებელია ყველა რეზერვის ამოქმედება და საინვესტიციო პოლიტიკის ინვესტორების საჭიროებებზე „მორგება”, – განაცხადა მინისტრმა.
ნათია თურნავას განცხადებით, 1 მილიარდი ლარის სახელმწიფო ქონება პრივატიზებას ექვემდებარება.
„ჩვენ პრივატიზების საპროგნოზო მაჩვენებელი ძალიან დაბალი გვაქვს, მაგრამ მას აუცილებლად გავზრდით. ვფიქრობ, რომ თავისუფლად საპრივატიზებო მაჩვენებელი 100 მლნ ლარამდე გავზარდოთ და შევასრულოთ”, – განაცხადა მინისტრმა.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ყურადღება ადგილობრივი ბიზნესის დაცვაზეც გაამახვილა. მისი თქმით, აუცილებელია, ქართული ბიზნესი, ქართული წარმოება არა მხოლოდ ქვეყნის შიგნით, არამედ მის ფარგლებს გარეთ, გარე ბაზრებზეც დავიცვათ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები