თბილისის მერია ოპერისა და ბალეტის თეატრის ბაღში შადრევნის დაზიანების ფაქტზე განცხადებას ავრცელებს
თბილისის მერია “ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის” ბაღში შადრევნის დაზიანების ფაქტს ეხმაურება და განცხადებას ავრცელებს.
როგორც მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, ბალერინების დაზიანებული ქანდაკებები საცავშია გადატანილი და მათ რესტავრაცია ჩაუტარდებათ.
„გვინდა, გამოვეხმაუროთ თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის ბაღში არსებული შადრევნის დაზიანების ფაქტს. სამწუხაროდ, დაზიანდა ბალერინების ქანდაკებები.
განზრახ დაზიანების ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება საქართველოს სსკ-ის 187-ე მუხლით დაიწყო, რაც ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.
თბილისის მერიის “ეკოსერვის ჯგუფმა” ქანდაკებები საცავში მათი შემდგომი რესტავრაციის მიზნით გადაიტანა. უახლოეს მომავალში შადრევანი სრულად რეაბილიტირდება და ქანდაკებები ბაღს დაუბრუნდება.
მოვუწოდებთ მოსახლეობას, გაუფრთხილდეს თბილისს, მის კულტურულ მემკვიდრეობასა და დედაქალაქის ინფრასტრუქტურას“, – ნათქვამია განცხადებაში.
