თამარ ქალდანი: ჩვენი მოქალაქეებისთვის სწრაფად უნდა განვითარდეს უფლებრივი დაცვის მექანიზმები

პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი, თამარ ქალდანი მიიჩნევს, რომ პერსონალური მონაცემების დაცვა მთელის მსოფლიოსთვის მნიშვნელოვანი გამოწვევაა. მისივე თქმით, დღეს თბილისში მიმდინარე ფორუმი მოქალაქეების ინტერესების უკეთ დაცვას ემსახურება.
„კონფერენციაზე შევეხებით ევროპული რეგულაციის მიღებიდან ერთი წლის შემდეგ განვითარებულ მოვლენებს – რა გავლენა მოახდინა ახალმა ევროპულმა რეგულაციამ, რომელთან ჰარმონიზაციასაც ჩვენი კანონმდებლობა გააგრძელებს. ტექნოლოგიები ვითარდება სწრაფად და ასევე სწრაფად უნდა განვითარდეს უფლებრივი დაცვის მექანიზმები ჩვენი მოქალაქეებისთვის. ჩვენ გვჭირდება როგორც კერძო და საჯარო ორგანიზაციების მეტი მოტივაცია, ასევე – მოქალაქეების აქტიურობა. ყოველთვის ვამბობთ, რომ ერთ მოქალაქეს შეუძლია, დაიცვას არამხოლოდ მისი, არამედ ძალიან ბევრი მის მდგომარეობაში მყოფი ადამიანის ინტერესი.
​ექვსი ათასზე მეტი კონსულტაცია გვაქვს გაწეული. წლიდან წლამდე მომართვიანობა იზრდება და სტატისტიკური მაჩვენებლებიც მზარდია. იმედი მაქვს, რომ მალე დადგება ეტაპი, როდესაც სამართალდარღვევების კლება დაიწყება. მომართვიანობა ეხება ძალიან ბევრ თემას, რადგან პერსონალურ მონაცემებს ამუშავებს ძალიან ბევრი ორგანიზაცია – როგორც საჯარო, ასევე – კერძო. მონაცემთა გასაჯაროება არის ერთ-ერთი პრობლემა, ასევე, განსაკუთრებულად გამოვყოფდი არასრულწლოვანთა მიმართ მეტი სიფრთხილის გამოჩენის საჭიროებას, რადგან უნდა გვესმოდეს, შეიძლება, ერთმა არასწორმა ნაბიჯმა ბავშვს ცხოვრება დაუნგრიოს. ამ თემებზე განსაკუთრებულ აქცენტს ვაკეთებთ. ჩვენ, ასევე, მოვამზადეთ ძალიან მასშტაბური საკანონმდებლო ცვლილებები, რომელიც ვფიქრობ, ბევრ პრობლემას საკანონმდებლო დონეზე აღმოფხვრის“, – განაცხადა ქალდანმა.
​ცნობისათვის, თბილისში პერსონალური მონაცემების დაცვის სფეროში უმაღლესი დონის საერთაშორისო ფორუმი მიმდინარეობს. საგაზაფხულო კონფერენციაზე პერსონალური მონაცემების დაცვის სფეროში არსებულ გლობალური გამოწვევებს, მონაცემთა დაცვის ახალ ევროპულ სტანდარტსა და ბავშვთა პირადი ინფორმაციის დაცვის მნიშვნელობას განიხილავენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები