შსს: მოვუწოდებთ ყველას, იმოქმედოს კანონის მოთხოვნათა დაცვით
შს სამინისტრო დღეს დაგეგმილ აქციებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, რომელსაც „კვირა“ უცვლელად გთავაზობთ:
„9 მაისს თბილისსა და საქართველოს სხვადასხვა რეგიონში დაგეგმილ აქციებთან დაკავშირებით გვსურს, საზოგადოებას ვაცნობოთ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო უზრუნველყოფს მართლწესრიგის დაცვას შეკრების ადგილებზე. ამასთან, პოლიცია იმოქმედებს კანონის შესაბამისად ყველა იმ პირის მიმართ, რომლის ქმედებაც გასცდება გამოხატვის თავისუფლების ფარგლებსა და კანონის მოთხოვნებს.
საზოგადოებას შევახსენებთ, რომ საქართველოს კანონის – „თავისუფლების ქარტიას” თანახმად, აკრძალულია კომუნისტური ტოტალიტარული და ფაშისტური იდეოლოგიის მატარებელი და პროპაგანდის საშუალებების გამოყენება. შესაბამისად, მოვუწოდებთ ყველას, იმოქმედოს კანონის მოთხოვნათა დაცვით, წინააღმდეგ შემთხვევაში პოლიცია განახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ ქმედებებს“, – ნათქვამია განცხადებაში.
ცნობისათვის, დღეს ორგანიზაციების – „უკვდავი პოლკი“ და “არა ოკუპაციას” წარმომადგენლები იკრიბებიან.
„საქართველოს უკვდავი პოლკის“ სახელით ვაკის პარკისკენ აქცია-მსვლელობის მოწყობას საქართველოში მოქმედი პრორუსული ორგანიზაციები აპირებენ.
ისინი, ტრანსფარანტებით ხელში, ფეხით გაივლიან ჭავჭავაძის გამზირსა და ვაკის პარკში მიმდინარე ღონისძიებას შეუერთდებიან.
თავის მხრივ, მოძრაობა #არაოკუპაციას წევრები “უკვდავი პოლკის” აქციის საპირისპირო აქციას გამართავენ.