მცხეთაში დევნილთა საცხოვრებელი სახლების მშენებლობა დასრულდა
საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა მცხეთაში დევნილთათვის 2 კორპუსის მშენებლობა დაასრულა. პროექტი საქართველოს მთავრობის დაფინანსებით განხორციელდა და მისი ღირებულება 5.5 მილიონი ლარია. პროექტის დასრულების შემდეგ საცხოვრებელი სახლი 120 დევნილ ოჯახს გადაეცემა.
„სამუშაოები ითვალისწინებდა 2 საცხოვრებელი სახლის მშენებლობას, მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობასა და გარეგანათების მონტაჟს. ორივე კორპუსს აქვს საკუთარი ავტოსადგომი, პანდუსები, გზებზე დაიგო ასფალტ-ბეტონის საფარი და გაიმართა სანიაღვრე სისტემები. საცხოვრებელი ბინები სრულად არის ადაპტირებული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის“, – აცხადებენ მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიაში.
დასრულებული სამუშაოები რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა – მაია ცქიტიშვილმა, მუნიციპალური განვითარების ფონდის დირექტორმა – გიორგი შენგელიამ, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა – დავით სერგეენკომ, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონული მართვის მიმართულების ხელმძღვანელმა – სოზარ სუბარმა, მცხეთის მაჟორიტარმა დეპუტატმა – დიმიტრი ხუნდაძემ, მცხეთის მუნიციპალიტეტის მერმა – გიორგი კაპანაძემ, მერის პირველმა მოადგილემ – გივი გიუტაშვილმა, მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა – შალვა კერესელიძემ და მცხეთის საკრებულოს თავმჯდომარემ – გელა ბაქრაძემ დაათვალიერეს.
გარდა ამ პროექტისა, მუნიციპალური განვითარების ფონდი ქუთაისში, წყალტუბოსა და ზუგდიდში ახორციელებს დევნილთა საცხოვრებელი სახლების მშენებლობას. ამ პროექტების განხორციელების შემდეგ 3700 მეტი ოჯახი მიიღებს საცხოვრებელ ფართს.
საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი იძულებით გადაადგილებულ პირთათვის საცხოვრებელი სახლების მშენებლობას საქართველოს სხვა მუნიციპალიტეტებშიც ახორციელებს. როგორც ფონდში აცხადებენ, იძულებით გადაადგილებული პირებისთვის ღირსეული საცხოვრებელი პირობების შექმნა ფონდისთვის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია.
