მეუღლეზე მოძალადე პირი, რომელმაც ის თვითმკვლელობის მცდელობამდე მიიყვანა, ხობში დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ხობის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, 1980 წელს დაბადებული ჯ.თ. მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს. მას ბრალი ედება გენდერული ნიშნით ოჯახში ძალადობის ნიადაგზე თვითმკვლელობის ცდამდე მიყვანასა და ოჯახში ძალადობაში.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული თავის მეუღლეზე – რ.შ-ზე სისტემურად ძალადობდა, რის გამოც ქალმა მიმდინარე წლის 30 აპრილს  თვითმკვლელობა სცადა. იგი ამ დროისთვის სტაციონარში განაგრძობს მკურნალობას.
პოლიციაში შემოსული შეტყობინების საფუძველზე ჩატარდა არაერთი საგამოძიებო მოქმედება, გამოიკითხნენ მოწმეები, რომლებსაც შესაძლოა, რაიმე სახის ინფორმაცია ჰქონოდათ მომხდარი ფაქტის შესახებ. ასევე, დაინიშნა შესაბამისი ექსპერტიზები.
აღსანიშნია, რომ ჯ.თ.-ს მეუღლის მიერ თვითმკვლელობის მცდელობის შემდეგ, საქმეზე მოპოვებული მტკიცებულებების შესაბამისად, გამოიცა შემაკავებელი ორდერი, რომლის საფუძველზეც ჯ.თ.-ს მასთან მიახლოება აეკრძალა.
გამოძიება გენდერული ნიშნით ოჯახში ძალადობის ნიადაგზე თვითმკვლელობის ცდამდე მიყვანისა და ოჯახში ძალადობის ფაქტებზე მიმდინარეობს, სისხლის სამართლის კოდექსის 11-პრიმა 115-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა” ქვეპუნქტითა და 126-პრიმა მუხლის 1-ელი ნაწილით.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები