აკაკი საღირაშვილი: 2018 წელს, საქართველოს ნავსადგურებში საკონტეინერო გადაზიდვებმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, აკაკი საღირაშვილმა გლობალური გადამზიდავი კომპანიის – “MSC” – ის (Mediterranean Shipping Company S.A.) საქართველოს წარმომადგენლობის დაფუძნების 10 წლის იუბილესადმი მიძღვნილ მიღებაში მიიღო მონაწილეობა. სიტყვით გამოსვლისას, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ განაცხადა, რომ საქართველოში საკონტეინერო გადაზიდვების დადებითი დინამიკაა. მისი თქმით, საქართველოს ნავსადგურებში საკონტეინერო გადაზიდვებმა რეკორდულ ნიშნულს 2018 წელს მიაღწია, რამაც 450 ათას TEU კონტეინერზე მეტი შეადგინა, ხოლო 2019 წლის პირველი სამი თვის მონაცემებით, ზრდა 2018 წლის ანალოგიურ პერიოდთან, 36 პროცენტია.

“საქართველოს ბაზრით ისეთი კომპანიების დაინტერესება, როგორიცაა “MSC” – ი კიდევ უფრო მიმზიდველს გახდის ჩვენს სატრანსპორტო კორიდორს საკონტეინერო გადაზიდვებისთვის. ჩვენი მთავარი ინტერესია, ვაქციოთ ჩვენი ქვეყანა, ჩვენი პორტები რეგიონალურ ჰაბად”, – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, აკაკი საღირაშვილმა.

“MSC” – ის ვიცე-პრეზიდენტის, რაფაელე ერკოლანომის თქმით, საქართველო კავკასიის რეგიონიდან აზიამდე ტვირთების ტრანსპორტირების დიდ ჰაბად აუცილებლად ჩამოყალიბდება.

“ჩვენ 23 წლის წინ შემოვედით ქართულ ბაზარზე, რაც იმის მაჩვენებელია, თუ რამდენად გვჯერა საქართველოს წარმატების. დარწმუნებულნი ვართ, საქართველო კავკასიის რეგიონიდან აზიამდე ტვირთების ტრანსპორტირების დიდ ჰაბად ჩამოყალიბდება. ჩვენ ახალი ინვესტიცია განვახორციელეთ და საქართველოში ჩამოვაყალიბეთ ახალი კომპანია “Medlog”-ი, რათა უზრუნველვყოთ როგორც სახმელეთო, ისე საზღვაო სერვისები და ე.წ. “კარიდან კარამდე” მიწოდება. ამით, ჩვენ განვაგრძობთ ჩვენი წინაპრების მიერ დაწყებულ საქმეს, საყოველთაოდ ცნობილი აბრეშუმის გზის კვალდაკვალ. გვჯერა, საქართველოს დიდი მომავალი აქვს და ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ მხარი დავუჭიროთ თქვენს ქვეყანას”, – განაცხადა “MSC” – ის ვიცე-პრეზიდენტმა რაფაელე ერკოლანომ.

ცნობისათვის, კომპანია “MSC” – ი საქართველოსთან 1996 წლიდან თანამშრომლობს, თუმცა შვილობილი კომპანია – საზღვაო-სატრანსპორტო სააგენტო “MSC Georgia” 2009 წელს დააფუძნა. “MSC Georgia” საზღვაო საკონტეინერო გადაზიდვებს საქართველოში არსებული ორივე საზღვაო ნავსადგურიდან (ფოთი, ბათუმი) მთელი მსოფლიოს მასშტაბით ახორციელებს. MSC ჯგუფის კიდევ ერთმა კომპანიამ “მედლოგ ჯორჯიამ” ბათუმში მულტიმოდალური საზღვაო ტერმინალი გახსნა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები