სამ პირს, რომელიც „კანონიერი ქურდის“ სახელით ზესტაფონში მეწარმეს წილს სთხოვდა, 8 წლამდე პატიმრობა მიესაჯა

პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, “ქურდული სამყაროს წევრობისთვის” ბრალდებულებს თავისუფლების 7 წლითა და 6 თვით აღკვეთა მიესაჯათ. ამის შესახებ ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.

„ქუთაისის საქალაქო სასამართლომ გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ქურდული სამყაროს წევრობისთვის ბრალდებულები – ხ.ს., მ.ბ. და თ.კ. დამნაშავედ ცნო. ამავე განაჩენით, დამნაშავედ იქნა ცნობილი დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის ბრალდებული ა.ბ.
სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ ხ.ს., მ.ბ. და თ.კ. აღიარებენ რა „ქურდულ სამყაროს“, აქტიურად მონაწილეობდნენ მის საქმიანობაში და თავისი ქმედებებით „ქურდული სამყაროს“ საქმიანობაში მონაწილეობისთვის მზადყოფნას გამოხატავდნენ. 2018 წლის მაისში აღნიშნული პირები, მათი კრიმინალური გავლენის და „კანონიერი ქურდის“ სახელის გამოყენებით, ზესტაფონში ერთ-ერთ მეწარმეს აიძულებდნენ მიეღო „კანონიერი ქურდის“ მფარველობა სამეწარმეო საქმიანობის უსაფრთხოდ განხორციელებისთვის, რის სანაცვლოდაც მოგებიდან 30%-იანი წილი „კანონიერი ქურდის“ ოჯახისა და ახლობლებისთვის უნდა დაეთმო ან მათთვის, სისტემურად, გარკვეული თანხა გადაეხადა.
სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებით, ასევე, დადგინდა, რომ აღნიშნული დანაშაულის შესახებ იცოდა ა.ბ.-მ, თუმცა ამის შესახებ სამართალდამცველებს არ შეატყობინა.
სამართალდამცველებმა მ.ბ., თ.კ. და ა.ბ. 2018 წლის 7 ივნისს, ხოლო ხ.ს. 2018 წლის 12 დეკემბერს დააკავეს. მათ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ.
ქუთაისის საქალაქო სასამართლომ ოთხივე ბრალდებული დამნაშავედ ცნო და ხ.ს.-ს, მ.ბ.-ს და თ.კ.-ს სასჯელის სახედ და ზომად თითოეულს თავისუფლების 7 წლითა და 6 თვით აღკვეთა, ხოლო ა.ბ.-ს ჯარიმა 5000 ლარის ოდენობით განუსაზღვრა“,- აცხადებენ პრკურატურაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები