სასამართლო იაროსლავ სუმბაევის რუსეთის ფედერაციაში ექსტრადიციის შესახებ განცხადებას ავრცელებს

თბილისის საქალაქო სასამართლომ საქართველოს გენერალური პროკურატურის შუამდგომლობა სრულად დააკმაყოფილა და რუსეთის ფედერაციაში რუსეთის მოქალაქის, იაროსლავ სუმბაევის ექსტრადიცია დასაშვებად ცნო – ამის შესახებ ნათქვამია თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში, რომელსაც „კვირა“ უცვლელად გთავაზობთ:
„2019 წლის 1-ელ მაისს თბილისის საქალაქო სასამართლომ დასაშვებად ცნო ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის, იაროსლავ სუმბაევის ექსტრადიცია რუსეთის ფედერაციაში.
სასამართლომ დააკმაყოფილა საქართველოს გენერალური პროკურატურის საერთაშორისო ურთიერთობების სამმართველოს პროკურორის შუამდგომლობა იაროსლავ სუმბაევის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნის განხორციელების მიზნით წინასწარი შეთანხმებით, პირთა ჯგუფის მიერ ქურდობისა და რამდენიმე მძიმე დანაშაულის ჩადენის მიზნით დანაშაულებრივი საზოგადოების/ორგანიზაციის შექმნისა და ასეთი საზოგადოების/ორგანიზაციის ხელმძღვანელობის ბრალდების საქმეზე.
სასამართლომ მიიჩნია, რომ იაროსლავ სუმბაევის მიმართ ექსტრადიციის განხორციელებისათვის დაცულია როგორც საერთაშორისო, ისე – სამართლებრივი დახმარების შესახებ კანონმდებლობის ყველა მოთხოვნა – ექსტრადიციის სამართლებრივი საფუძვლების, პირის იდენტიფიკაციის, ორმაგი დანაშაულის პრინციპის, დანაშაულის ხანდაზმულობის, მოქალაქეობისა და ლტოლვილობის სტატუსის შესახებ.
სასამართლოს განჩინება შეიძლება, გასაჩივრდეს მისი გამოცხადებიდან 7 დღის ვადაში საკასაციო საჩივრის შეტანის გზით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში“, – ნათქვამია სასამართლოს განცხადებაში.
ცნობისათვის, იაროსლავ სუმბაევი თბილისში 2018 წლის ნოემბერში დააკავეს.
რუსეთის გენერალურმა პროკურატურამ ქართულ მხარეს სუმბაევის გადაცემის მოთხოვნით 2018 წლის 13 ნოემბერს მიმართა. მას ბრალი ედება თაღლითური ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრობაში.
ამავე დროს, „ბიბისის“ ინფორმაციით, გამოძიება მიიჩნევს, რომ 28 წლის სუმბაევს კავშირი აქვს მოსკოვის ოლქში ადვოკატ ევგენია შიშკინას მკვლელობასთან.
კერძოდ, რუსეთის საგამოძიებო კომიტეტში მიიჩნევენ, რომ სუმბაევი ჰაკერთა ჯგუფს ხელმძღვანელობდა, რომლებიც რუსეთის რკინიგზის ბილეთების გაყიდვით დაკავებული კომპანიების ფოსტას ტეხდნენ, ამასთან, საბანკო ანგარიშებიდან თაღლითური გზით თანხებს იპარავდნენ. რკინიგზის ბილეთებით თაღლთობის სქემა გამომძიებელ ევგენია შიშკინას ჯგუფმა გახსნა, თუმცა აღნიშნულ საქმეზე, სასამართლო პროცესის დაწყებამდე 19 დღით ადრე, ის საკუთარ სახლთან ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს. როგორც მოკლული შიშკინას ოჯახის ადვოკატი, ალექსანდრ კარაბანოვი აცხადებს, სუმბაევი მკვლელობის საქმეში მთავარი ეჭვმიტანილია. გამომძიებლის მკვლელობასთან კავშირს უარყოფს თავად სუმბაევის დაცვის მხარე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები