ლევან მურუსიძე გირგვლიანის საქმეზე: ბატონო შალვა, თქვენ არ გაასაჩივრეთ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება და ფაქტობრივად, ამით განსაზღვრეთ ამ საქმის შემდგომი მომავალი ბედი

„შეგეძლოთ განაჩენთან ერთად გაგესაჩივრებინათ იმ შუამდგომლობებზე უარი, რომელზეც თქვენ გითხრათ პირველი ინსტანციის სასამართლომ“- ასე მიმართა მოსამართლე ლევან მურუსიძემ შალვა შავგულიძეს ტელეკომპანია იმედის გადაცემაში “პირისპირ”.

წამყვანის კითხვაზე, თუ როგორ მოიქცეოდალევან მურუსიძე შალვა შავგულიძის ადგილზე, რომ მოსამართლე მურუსიძის გადაწყვეტილებაზე რეალურად კითხვის ნიშნები არ გაჩენილიყო, მურუსიძემ განაცხადა:

„მარტივად მოვიქცეოდი. ის შუამდგომლობები, რომელსაც აყენებდა ბატონი შალვა, რომლებზეც პრეტენზიას აცხადებდა კასაციაში, პირველ რიგში, დაყენებული იყო პირველი ინსტანციის სასამართლოში. მე გავასაჩივრებდი პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებას და შესაბამისად, შემდგომ მექნებოდა ის პროცესუალური უფლება, რომ მომეთხოვა შემდგომ მურუსიძისაგან და სააპელაციო ინსტანციაში დამეკმაყოფილებინა თუ არა მისი მოთხოვნა. თუ არ დავაკმაყოფილებდით, შემდგომ მას ექნებოდა ყველანაირი უფლება – ეთქვა, რომ მან დააყენა ეს მოთხოვნა და ჩვენ არ დავაკმაყოფილეთ. მაგრამ რა კონვენციაც არ უნდა დავასახელოთ და რაზეც არ უნდა ვისაუბროთ, ვერც ერთი კონვენცია იმას ვერ გეტყვით, რომ თუ ადვოკატი არ ასაჩივრებს და არ ითხოვს, შესაბამისად, სასამართლომ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება. მაშინ რა საჭიროა ადვოკატი? საერთოდ ნუ გაასაჩივრებთ ნურაფერს და შემდგომ სასამართლო თავისი ინიციატივით გადახედავს კონვენციის მუხლებსაც, გადახედავს კონსტიტუციას, გადახედავს კანონმდებლობას, და იტყვის რა არის მართალი და რა არ არის. ამიტომ, ბატონო შალვა – თქვენ არ გაასაჩივრეთ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება და ფაქტობრივად, ამით განსაზღვრეთ ამ საქმის შემდგომი მომავალი ბედი“,- განაცხადა მურუსიძემ.

გადაცემაში, ასევე, შეკითხვით მიმართა შალვა შავგულიძემ ლევან მურუსიძეს. მისი თქმით, შეეძლო თუ არა მას პროკურატურის მოთხოვნის სხვა მოთხოვნა საჩივარში დამეყენებინა და რომ დაეკმაყოფილებინათ და სასჯელი მოემატებინათ კასაციაში, შეეძლო თუ არა გასაჩივრებადა სხვა მოთხოვნის დაყენება, რაზეც მურუსიძემ უპასუხა:

„ბატონო შალვა, თუ თქვენ არ შეგეძლოთ სხვა მოთხოვნის დაყენება, მაშინ კასაციასთან რა პრეტენზია გაქვთ? მაშინ გეტყვით, რა თქმა უნდა, თქვენ არ შეგეძლოთ მოგეთხოვათ უფრო მკაცრი კვალიფიკაცია, თქვენ არ შეგეძლოთ მოგეთხოვათ რეალურად საქმის დამატებით გამოძიებაში დაბრუნება, მაგრამ თქვენ შეგეძლოთ გაგესაჩივრებინათ და მოგეთხოვათ უფრო მკაცრი სასჯელი და მეოთხე, თქვენ შეგეძლოთ განაჩენთან ერთად გაგესაჩივრებინათ იმ შუამდგომლობებზე უარი, რომელზეც თქვენ გითხრათ პირველი ინსტანციის სასამართლომ“.

დღეს ტელეკომპანია “იმედის” გადაცემაში “პირისპირ” სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმის მოსამართლე ლევან მურუსიძისა და ამავე საქმის ადვოკატის შალვა შავგულიძის დებატები გაიმართა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები