„ახალგაზრდა ადვოკატები“: საქართველოს გენერალური პროკურატურა რამაზ ახვლედიანს პასუხობს

საქართველოს პროკურატურა ლისის ტბის წართმევის საქმესთან დაკავშირებით ბიზნესმენ რამაზ ახვლედიანს წერილობითი ფორმით პასუხობს, რომელშიც აღნიშნულია, რომ საქმეზე ამჟამადაც გრძელდება გამოძიება და შემაჯამებელი გადაწყვეტილება მიღებული არ არის. ამის შესახებ ინფორმაციას „ახალგაზრდა ადვოკატები“ ავრცელებს.
„საქართველოს გენერალური პროკურატურის სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტში, რამაზ ახვლედიანის განცხადების საფუძველზე, 2015 წლის 15 ოქტომბერს დაიწყო გამოძიება ცალკეულ საჯარო მოხელეთა მიერ სამსახურეობრივი უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 333-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით. სისხლის სამართლის საქმეზე ჩატარებულია რიგი საგამოძიებო მოქმედებები და ამჟამად გრძელდება გამოძიება, ხოლო შემაჯამებელი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, გეცნობებათ დამატებით“, – ნათქვამია საქართველოს გენერალური პროკურატურის წერილში, რომელსაც ხელს პროკურორი ანრი არსენიშვილი აწერს.
„ახალგაზრდა ადვოკატების“ ინფორმაციით, რამაზ ახვლედიანმა საქართველოს პროკურატურას 2019 წლის 18 მარტს მიმართა და მოითხოვა ინფორმაციის გაცემა, თუ რა კონკრეტული საგამოძიებო მოქმედებები განხორციელდა, საჩივრის რეგისტრაციიდან დღემდე და რა საგამოძიებო მოქმედებების განხორციელება იგეგმებოდა, ამასთან, ინფორმაციის გაცემა, ლისის ტბის წართმევის საქმეზე იმ პირების შესახებ, რომლებიც მოწმის სახით გამოიკითხნენ.
„რამაზ ახვლედიანმა საკითხი დასვა, თუ რა საფუძვლებით არ იკითხება ს.ს. „თიბისი ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოს ყოფილ თავმჯდომარე მამუკა ხაზარაძე, რომელიც წარმოადგენს მის ბიზნესპარტნიორს, თუმცა საგამოძიებო უწყებამ მხოლოდ ნაწილობრივ უპასუხა ქონებაჩამორთმეულის ინტერესს.
რამაზ ახლედიანი 2006 წლის 4 ნოემბერს, იძლებული გახდა, თბილისის მაშინდელი მერიისა და მთავრობის სახელზე დაეწერა განცხადება და ეღიარებინა, რომ 1999 წლის საიჯარო ხელშეკრულებით, ასევე პრეზიდენტის 2006 წლის 14 ივლისის განკარგულებით ნაკისრი ვალდებულებები ვერ შეასრულა და მოითხოვა საიჯარო ხელშეკრულების გაუქმება, რომლის მიხედვითაც, მას გადაეცა ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე განლაგებული შენობა – ნაგებობები და რომელიც ბიზნესმენს უკვე გამოსყიდული ჰქონდა. წერილში, ნების საწინააღმდეგოდ, რამაზ ახვლედიანმა უარი განაცხადა პრეზიდენტის განკარგულებით გადაცემულ 63,5 ჰა არასოსაფოლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის საკუთრებაში მიღების უფლებაზეც და ეკონომიკის სამინისტროსგან უკვე გამოსყიდულ შენობა-ნაგებობებზეც. ამ განცხადებიდან მე-6 დღეს, 2006 წლის 10 ნოემბერს, მიხეილ სააკაშვილმა გამოსცა ახალი განკარგულება და 1999 წელს რამაზ ახვლედიანის მიერ შეძენილი და 2006 წელს პრეზიდენტის განკარგულებითვე გადაცემული ქონება, ჩამოერთვა. მოგვიანებით, ჩამორთმეული ქონება რამაზ ახვლედიანის ბიზნეს-პარტნიორს, პირდაპირი მიყიდვის წესით, მამუკა ხაზარაძეს გადაეცა, რომლის კომპანიებიც ვერსადროს ჩაითვლება ლისის ტბის კეთილსინდისიერ შემძენად“,- აცხადებენ ორგანიზაციაში.
ცნობისთვის, ამჟამად საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტარციულ საქმეთა პალატის განჩინებით, ბიზნესმენ რამაზ ახვლედიანის საკასაციო საჩივარი საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის, თბილისის მერიისა და მამუკა ხაზარაძის ს.ს. „ლისი ლეიქ დეველოპმენტის“ წინააღმდეგ, დასაშვებად იქნა ცნობილი. მხარე დარღვეული უფლების აღდგენას სასამართლოს მეშვეობითაც ცდილობს. მხარე მოითხოვს ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 10 ნოემბრის #713 განკარგულება რამაზ ახვლედიანისთვის 63,5 ჰა მიწის ნაკვეთის პირდაპირი განკარგვის წესით გადაცემის გაუქმების ნაწილში. საქმეს მოსამართლეები: მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე), ნუგზარ სხირტლაძე და ვასილ როინიშვილი განიხილავს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები