ნათია თურნავამ ჰოლივუდელი პროდიუსერების ჯგუფთან სამომავლო თანამშრომლობის საკითხები განიხილა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა ამერიკული კინოწარმოების წარმომადგენელთა დელეგაციას შეხვდა, რომლის შემადგენლობაშიც არიან ისეთი ცნობილი სტუდიების პროდიუსერები, როგორიცაა HBO, UNIVERSAl PICTURES, INDEPENDENT და სხვ. შეხვედრაში ასევე მონაწილეობდა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ-ის – „აწარმოე საქართველოში” დირექტორი მიხეილ ხიდურელი.

როგორც „კვირას“ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროდან აცნობეს, ამერიკული კინოწარმოების მაღალი რანგის წარმომადგენლების დელეგაცია, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ -ის „აწარმოე საქართველოში” მოწვევით, 25 აპრილს ეწვია და 1-ელი მაისის ჩათვლით კინოგადაღებების კუთხით ქვეყნის პოტენციალს შეისწავლის. მათი ვიზიტი სახელმწიფო პროგრამის – „გადაიღე საქართველოში” ფარგლებში ხორციელდება.

შეხვედრაზე მხარეებმა ამერიკული კინოსტუდიების მიერ საქართველოში ფილმების გადაღების შესაძლებლობა განიხილეს. აღინიშნა, რომ ამერიკელ კინომწარმოებელთა ვიზიტს წინ უძღოდა სააგენტოს – „აწარმოე საქართველოში” წარმომადგენელთა პრეზენტაციები ამერიკაში, ჰოლივუდში, რომლის დროსაც გამოიხატა ინტერესი საქართველოს, როგორც კინოგადაღებებისთვის პოტენციური მდებარეობის მიმართ.

შეხვედრაზე ქართულმა მხარემ ისაუბრა სახელმწიფო პროგრამის 6- „გადაიღე საქართველოში” შესახებ, რომლითაც ევროპელმა, ინდოელმა და ჩინელმა პროდიუსერებმა უკვე ისარგებლეს. აღინიშნა, რომ პროგრამიდან გამომდინარე, საქართველო, როგორც კინოგადაღების მოედანი, ყოველდღიურად უფრო აქტუალური და დატვირთული ხდება. ამჟამად, კინოინდუსტრიის წახალისების კომპონენტის ფარგლებში, 15 უცხოური პროექტი უკვე განხორციელდა. პროგრამა კინოწარმოებით დაინტერესებულ ადგილობრივ თუ საერთაშორისო პროდიუსერებს შესაძლებლობას აძლევს, საქართველოში გადაიღონ ფილმი თუ სხვა სახის აუდიო/ვიზუალური პროდუქცია და კვალიფიციური ხარჯების 20-25%-მდე უკან დაიბრუნონ.

თავის მხრივ, ამერიკული მხარის წარმომადგენლებმა გამოხატეს ინტერესი საქართველოს მიმართ, სადაც შესაძლებელია ამერიკული კინოფილმების გადაღება. მათი შეფასებით, საქართველო ერთ-ერთ გამორჩეული ლოკაციაა აღმოსავლეთ ევროპის მასშტაბით და მას სხვებისგან ეკლექტურობა და მრავალფეროვნება გამოარჩევს.

სტუმრებმა ასევე ხაზგასმით აღნიშნეს, რომ საქართველოთი მათი დაინტერესება ასევე გამოიწვია იმან, რომ ქვეყანა თავისუფალია კორუფციისგან და გამოირჩევა დაბალი გადასახადებით. მათ ასევე აღფრთოვანება გამოხატეს ქართული კულტურითა და სამზარეულოთი. შეხვედრაზე ითქვა ისიც, რომ ამერიკული მხარე სერიოზულად განიხილავს საქართველოში გადაღებების დაწყებას.

ვიზიტის ფარგლებში, უცხოელი სტუმრები ქართველ კინომწარმოებლებსა და ქართული საპროდიუსერო კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდებიან, გაეცნობიან ქართული კინოს წარმოების შესაძლებლობებსა და არსებულ ინფრასტრუქტურას. ისინი, 1 კვირის განმავლობაში, დაათვალიერებენ ბათუმს, წყალტუბოს, უფლისციხეს, ჭიათურას, თბილისს, ყაზბეგს და რუსთავს.

ცნობილ ამერიკელ კინომწარმოებლებს ისეთ ფილმებზე აქვთ ნამუშევარი როგორებიცაა : „TRANSFORMERS”, „WE NEED TO TALK ABOUT KEVIN “, „ STAR WARS: The Force Awakens”, „SKY FALL”, “NEVER LET ME GO” და ა .შ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები