ბრალდებული: გთხოვთ, ჟურნალისტების ჩარევისგან დაიცავით ჩემი შვილები

„გთხოვთ, ჟურნალისტების ჩარევისგან დაიცავით ჩემი შვილები“ , – ამის შესახებ აღკვეთის ღონისძიებასთან დაკავშირებულ სხდომაზე ტრეფიკინგში ბრალდებულმა, უკრაინის მოქალაქე იულია სუსლიაკმა განაცხადა.

სხდომათა დარბაზში, მხარეთა შუამდგომლობის საფუძველზე, პროცესი დაიხურა. სხდომის დახურვაზე შუამდგომლობა, საქმეში არსებული პერსონალური და პირადი ინფორმაციის გამო, პროკურორმა დააყენა, რაშიც ადვოკატიც დაეთანხმა.

„მე თავიდანვე მქონდა მოთხოვნა, რომ ეს არ ყოფილიყო საჯარო, დაეცვათ ჩემი შვილები ჟურნალისტების ჩარევისგან. ყველა ნებისმიერი სხვა ადამიანისგან, გარდა იმ ხალხისა, რომლებიც დღეისათვის პასუხისმგებლები არიან ჩემი შვილების უსაფრთხოებასა და ჯანმრთელობაზე. ნებისმიერი ჩარევა ჟურნალისტებისა თუ სხვა ორგანოებისა უნდა იყოს ჩემთან შეთანხმებული, ჩემი ადვოკატის მეშვეობით”, – განაცხადა იულია სუსლიაკმა.

პროკურატურა არასრულწლოვნებით ვაჭრობასა და ტრეფიკინგში ბრალდებულ იულია სუსლიაკის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდებას ითხოვს. როგორც საქმის პროკურორმა, თეა გიორგაძემ განაცხადა, ვინაიდან საქმე ეხება მძიმე დანაშაულს, ბრალდების მხარე ბრალდებულის პატიმრობაში დატოვებას ითხოვს.

განსხვავებული მოსაზრება აქვს დაცვის მხარეს. ბრალდებულის ადვოკატი ზურაბ თოდუა ბრალდებულის, იულია სუსლიაკის აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებას და დარბაზიდან გათავისუფლებას ითხოვს. ამასთან, ზურაბ თოდუამ განაცხადა, რომ დაცვის მხარე სასამართლოს ალტერნატივის სახით გირაოს არ შესთავაზებს და ბრალდებულის სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლების შუამდგომლობას დააყენებს.

1982 წელს დაბადებული უკრაინის მოქალაქე იულია სუსლიაკი წარდგენილ ბრალს არ აღიარებს და აცხადებს, რომ ათივე ბავშვი მისი შვილია.

შეგახსენებთ, რომ უკრაინის მოქალაქე 25 აპრილს, ქუთაისის ერთ-ერთ საავადმყოფოში დააკავეს. შსს -ს ინფორმაციით, იულია სუსლიაკი საქართველოში, 10 მცირეწლოვან ბავშვთან ერთად, რუსეთიდან 2019 წლის 8 აპრილს ჩამოვიდა და აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე გადასვლას აპირებდა. საგამოძიებო უწყებაში აცხადებენ, რომ დოკუმენტაციის მიხედვით, 10-ვე ბავშვი იულია სუსლიაკის შვილია და მის გვარს ატარებს, თუმცა მცირეწლოვნებიდან 4 დაბადებულია 2017 წელს, რამაც სამართალდამცველებს ტრეფიკინგის ეჭვი გაუჩინა.

როგორც ბრალდებულის ადვოკატი ზურაბ თოდუა განმარტავს, 4 ბავშვი იულია სუსლიაკის ბიოლოგიური შვილია, ხოლო დანარჩენი 6 კი სუროგაციის გზით გაჩნდა. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ შსს-ს ცნობით, იულია სუსლიაკი უკრაინიდან რუსეთში 11 ბავშვის თანხლებით გადავიდა, საქართველოში კი 10 ბავშვი ჩამოიყვანა.

შინაგან საქმეთა სამინისტრო ინტერპოლის არხებით ცდილობს მოიძიოს ინფორმაცია იმ ერთი ბავშვის შესახებ, რომელიც ამ დრომდე არ ჩანს. დაკავებულის ადვოკატი აცხადებს, რომ ბავშვი გარდაცვლილია და ამის დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარდგენას სასამართლოში აპირებს.

გამოძიება ორი ან მეტი არასრულწლოვნით ვაჭრობის (ტრეფიკინგი) ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 143-ე 2-პრიმა მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს. დანაშაული 14-დან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები