ივანე მაჭავარიანი: გავიგეთ, ბატონო გიგა, რომ ციფრებთან ვერ ხართ კარგად

„მე რომ თქვენნაირი პოპულისტი ვიყო, ვიტყოდი, რომ თქვენ დროს საგადასახადო ტვირთი 12-დან 24 პროცენტზე ავიდა, მაგრამ არ ვარ პოპულისტი”, – ასე უპასუხა ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა დეპუტატ გიგა ბოკერიას მის მიერ დასმული კითხვას, რომელიც ეკონომიკური ზრდის ტემპებს ეხებოდა.
ფინანსთა მინისტრის თქმით, ბოლო წლების განმავლობაში გადასახადების ზრდა არ მომხდარა და ის, რომ ზრდა 0.1, 0.2- პროცენტით ხდება, არ არის ცუდი ნიშანი.
„თქვენ თუ ნახავთ, ბოლო წლების განმავლობაში, საგადასახადო შემოსავლები მთლიან შიდა პროდუქტთან მიმართებით 25 პროცენტის ფარგლებშია ისე, რომ გადასახადების გაზრდა, განაკვეთების გაზრდა არ მომხდარა. ის, რომ 0.1, 0.2- პროცენტით იზრდება, არ არის ცუდი ნიშანი. ეს ნიშნავს, რომ ადმინისტრირების ხარჯზე ჩვენი ეკონომიკის ჩრდილოვანი ნაწილიც, რომელიც ვიცით, რომ არსებობს, მცირდება. ეს არის ზუსტად პროდუქტიულობა, გადასახადების მობილიზების უნარი ისე, რომ, ერთი მხრივ, განაკვეთებს არ შეეხო, არ გაზარდო და, მეორე მხრივ, გადამხდელს არ გაურთულო პროცედურები. ამ მიმართულებით, არა თუ პროცედურები არ გავართულეთ, ავტომატურ რეჟიმში ვაბრუნებთ დღგ-ს და შარშან 520 მილიონი დავუბრუნეთ. რაც შეეხება როდის მოხდა ტვირთის ზრდა – გაგიკვირდებათ და მე რომ თქვენნაირი პოპულისტი ვიყო, ვიტყოდი, რომ თქვენ დროს 12 პროცენტიდან 24 პროცენტზე გაიზარდა საგადასახადო ტვირთი-თქო, მაგრამ არ ვიტყვი, არ ვარ პოპულისტი. ამ პერიოდში მოხდა გადასახადების განაკვეთების შემცირება, ზოგიერთი გადასახადის გაუქმება, მაგრამ ზუსტად პროდუქტიულობის ხარჯზე 12-დან 24 პროცენტზე ავიდა და იყო დადებითი მოვლენა. რაღა 25.5-დან 25.6-მდე რომ ავიდა, ეს არის ტვირთის გაზრდა? ბატონო გიგა, ციფრებთან ახლოს ხართ? 12-დან 24-მდე რომ ავიდა, მაგას არ გსაყვედურობთ და 25.5-დან 25.6-მდე რომ გაიზარდა მაგას გვსაყვედურობთ? ნამუსი აღარ არის, ხალხო? 12-ზე ჩამოვალ, თუ გინდათ? გავიგეთ, ბატონო გიგა, რომ ციფრებთან ვერ ხართ კარგად. კონცეპტუალურად უფრო გამართული უნდა იყოთ“, – განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები