ივანე მაჭავარიანი: საბანკო რეგულაციების მთავარი მიზანია ქვეყანაში გრძელვადიანი ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობა

„საბანკო რეგულაციების მთავარი მიზანია ქვეყანაში გრძელვადიანი ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობა”, – ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა საბანკო რეგულაციების აუცილებლობაზე საუბრისას განაცხადა.
მან კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ წლების მანძილზე დაკრედიტების პროცესში ჩამოყალიბდა რამდენიმე არასწორი პრაქტიკა და გამოწვევა.
ფინანსთა მინისტრმა ერთ-ერთ მთავარ პრობლემად დოლარიზაციის მაღალი დონე დაასახელა, ასევე, ისაუბრა სესხების გაცემის უპასუხისმგებლო პოლიტიკაზე, რაზეც ქვეყანას მიუთითებდნენ საერთაშორისო ორგანიზაციები.
„შრომისუნარიანი მოსახლეობის ერთ მესამედზე მეტი იყო “შავ სიაში”. ე.წ. ონლაინსესხები გაიცემოდა, ძირითადად, სამომხმარებლო დანიშნულებით და საპროცენტო განაკვეთები ხშირად ათას პროცენტს აღწევდა. ეს არ არის მარტო სოციალური საკითხი. ეს არის მნიშვნელოვანი ეკონომიკური პრობლემა. როგორ წარმოგიდგენიათ გრძელვადიანი ეკონომიკის ზრდა, როდესაც სამუშაო ძალის უდიდესი ნაწილი განწირულია არაფორმალურ სექტორში მუშაობისთვის”, – აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა.
მისი განცხადებით, საბანკო სექტორის წინა წლების დაკრედიტება, ძირითადად, მოდიოდა სამომხმარებლო სესხებზე და გვერდს უვლიდა მწარმოებლურ სექტორებს.
„დარწმუნებული ვარ, შემოღებული რეგულაციები, ამ მიმართულებით, სურათს შეცვლის. ჩვენ ვაკვირდებით არსებულ დინამიკას და მინდა გითხრათ, პოზიტიური ტენდენციებია. კიდევ ერთხელ მინდა, ხაზი გავუსვა, რომ არსებული რეგულაციები ძალიან მნიშვნელოვანია ეკონომიკის სტრუქტურული გაჯანსაღებისა და ეკონომიკური ზრდის დაჩქარებისთვის”, – განაცხადა ივანე მაჭავარიანმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები