ნათია თურნავა: ენერგეტიკა საქართველოსა და ყაზახეთის თანამშრომლობის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა

„ენერგეტიკა საქართველოსა და ყაზახეთის თანამშრომლობის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა“, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ ყაზახეთის ენერგეტიკის მინისტრთან, კანატ ბოზუმბავთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
მისი თქმით, ყაზახეთისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ნავთობის მზარდი მოპოვების ფონზე, ჰქონდეთ იმ მარშრუტების დივერსიფიკაციის შესაძლებლობა, რომლითაც აღნიშნულ პროდუქციას დასავლურ ბაზრებს მიაწვდიან.
„ამ თვალსაზრისით ჩვენი ინტერესები ერთმანეთს ემთხვევა. ჩვენ ვისაუბრეთ, როგორ გავზარდოთ უფრო მეტად საქართველოს სატრანზიტო პოტენციალი და საქართველოს ბაზრის მიმზედველობა ჩვენი ყაზახი პარტნიორებისთვის“, – აღნიშნა ნათია თურნავამ.
მინისტრის განცხადებით, ყაზახ კოლეგასთან საუბრისას ყურადღება გამახვილდა ყაზახური ინვესტიციის შესაძლო განხორციელებაზე საქართველოში, კერძოდ, ყაზახური მხარე აქტიურად განიხილავს საქართველოში ნავთობგაზოქიმიის ნედლეულის გადამუშავებასა და მესამე ქვეყნებში საბოლოო პროდუქტების მიწოდების შესაძლებლობას.
„ჩვენ შევთანხმდით, რომ აღნიშნულ ინიციატივაზე ერთობლივად ვიმუშავებთ და ამან, შესაძლოა, ნავთობქიმიის გადამუშავებაში მნიშვნელოვანი როლი შეასრულოს“, – განაცხადა ნათია თურნავამ.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ყაზახეთში სამუშაო ვიზიტით იმყოფება, რომლის ფარგლებშიც ყაზახეთის მთავრობის წევრებთან შეხვედრებს გამართავს; გარდა ამისა, ნათია თურნავა მონაწილეობას მიიღებს საქართველო – ყაზახეთის ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის მეათე სხდომაში, რომლის დასრულების შემდეგ ხელი მოეწერება შესაბამის ოქმს. ვიზიტის დროს, ასევე, დაგეგმილია შეხვედრა ყაზახეთში მცხოვრებ ქართველ ბიზნესმენებთან.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები