გიორგი ცუცქირიძე: „S&P“-ის მიერ ქვეყნის პერსპექტივის გაუმჯობესება მიმდინარე რეფორმების შეუქცევად ხასიათს ადასტურებს

“ავტორიტეტული სარეიტინგო კომპანია „S&P“-ის მიერ ქვეყნის პერსპექტივის გაუმჯობესება ადასტურებს მიმდინარე რეფორმების წარმატებულ და შეუქცევად ხასიათს”, – ამის შესახებ ეკონომიკის ექსპერტმა, გიორგი ცუცქირიძემ განაცხადა.

მისი თქმით, სარეიტინგო კომპანია „S&P“-ის მიერ ქვეყნის პერსპექტივის გაუმჯობესება მნიშვნელოვან პოზიტიურ ფაქტორს წარმოადგენს, რამდენადაც, ამით სარეიტინგო კომპანია მიიჩნევს, რომ საქართველოს ეკონომიკას აქვს შესაძლებლობა, სარეიტინგო კომპანიის მოლოდინებსა და პროგნოზებსაც კი გადააჭარბოს.

„მიმაჩნია, რომ სარეიტინგო კომპანია „S&P“-ის მიერ გაკეთებული პოზიტიური შეფასება არ არის შემთხვევითი, ის თანხვედრია მიმდინარე წლის თებერვლის თვეში, კიდევ ერთი ავტორიტეტული საერთაშორისო სარეიტინგო კომპანია Fitch-ის შეფასებისა, რომელმაც საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი „BB-“-დან „BB“-მდე გააუმჯობესა. მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვანი სააგენტოს მხრიდან ქვეყნის საკრედიტო რეიტინგის ზრდა მნიშვნელოვანია იმ თვალსაზრისითაც, რომ არის პირდაპირი სიგნალი საერთაშორისო ბიზნესსაზოგადოებისთვის, პოტენციური ინვესტორებისთვის, რომ საქართველო არის რეგიონში სტაბილური და ლიდერი ქვეყანა“, – განაცხადა გიორგი ცუცქირიძემ.

ეკონომიკის ექსპერტის შეფასებით, „S&P“-ის მიერ საქართველოს სუვერენული რეიტინგის პერსპექტივის გაუმჯობესება სტაბილურიდან პოზიტიურის მიმართულებით, მიმდინარე ეკონომიკური რეფორმების კიდევ ერთ აღიარებასა და მხარდაჭერასაც გულისხმობს, მათ შორის, ხაზგასმულია ახალი საბანკო რეგულაციების შემოღების და დაგროვებით საპენსიო სისტემაზე გადასვლის მნიშვნელობა, რაც ხელს შეუწყობს საგარეო შოკებისადმი მდგრადობას და უფრო მაღალ და ინკლუზიურ ეკონომიკურ ზრდას.

„ეს აღიარება იმ თვალსაზრისითაც არის ნიშანდობლივი, რომ პრაქტიკულად აბათილებს ოპოზიციის ნარატივს რეფორმების წარუმატებელ ხასიათზე. დღემდე გრძელდება საბანკო რეგულაციების თუ დაგროვებითი საპენსიო სისტემის კრიტიკა, სადაც აქცენტები ცალკეულ დეტალებზე უფრო კეთდება, ვიდრე არსებით მხარეზე, ხშირად თავისებური ინტერპრეტაციებით და რაც თვალშისაცემია, ხდება ამ საკითხების წმინდა პოლიტიკურ ჭრილში გადატანა. ამ თემების განხილვისას, არც პოლიტიკური ინსიუნაციების გამოყენებაა იშვიათობა, საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიციის მხრიდან, რასაც ასევე ემატება ექსპერტთა ნაწილის მხრიდან სუბიექტური შეფასებები, რომლის თანახმადაც, ჩვენ მიერ ფონდში აკუმულირებული თანხები აპრიორში დანაკარგებისთვის არის განწირული, რაც ამ უმნიშვნელოვანეს რეფორმას ლამის მოსახლეობის მომავალი გაღატაკების უცილობელ პერსპექტივადაც კი წარმოაჩენს“, – განაცხადა გიორგი ცუცქირიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები