კობა გვენეტაძემ სსფ-ს მიერ ორგანიზებულ მმართველთა დისკუსიაში მონაწილოება მიიღო

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძემ საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ ორგანიზებულ დისკუსიაში – „მმართველთა საუბრები“ მიიღო მონაწილეობა.
ეროვნული ბანკის პრესსამსახურის ინფორმაციით, კობა გვენეტაძის გამოსვლის მთავარი თემა იყო „საქართველოს გამოცდილება ინფლაციის თარგეთირების განხორციელებაში“. დისკუსიას ახლო აღმოსავლეთისა და შუა აზიის რეგიონში საერთაშორისო სავალუტო ფონდის დირექტორი – ჯიჰად აზური მოდერატორობდა, რომელმაც შესავალ სიტყვაში ხაზი გაუსვა საქართველოს ეროვნული ბანკის წარმატებულ პრაქტიკასა და გამოცდილებას მცურავი გაცვლითი კურსის პირობებში ინფლაციის თარგეთირების რეჟიმის განხორციელებაში. ასევე, აღინიშნა პროგრესი ლარიზაციის ზრდის მიმართულებით.
შეხვედრაზე ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა საქართველოს გამოცდილებაზე დაყრდნობით ინფლაციის თარგეთირების რეჟიმის უპირატესობასა და, ამ მხრივ, გაცვლითი კურსის მოქნილობის აუცილებლობაზე გაამახვილა ყურადღება.
მისი თქმით, საქართველოს წარსული გამოცდილება მოწმობს, რომ მცურავი გაცვლითი კურსი შოკებისშემარბილებელ ფუნქციას ასრულებს და მინიმალური საზოგადოებრივი დანახარჯებით საგარეო შოკების გადალახვას უწყობს ხელს. როგორც გვენეტაძემ აღნიშნა, გაცვლითი კურსის მოქნილობის შენარჩუნება აუცილებელია გრძელვადიანი ეკონომიკური ზრდისა და დასაქმების ხელშესაწყობად.
კობა გვენეტაძემ, ასევე, ყურადღება გაამახვილა ერთ-ერთ მთავარ გამოწვევაზე – დოლარიზაციაზე, რომელიც ისეთი მცირე და ღია ეკონომიკის მქონე ქვეყნისთვის, როგორიც საქართველოა, უმთავრეს პრობლემას წარმოადგენს.
„საქართველოს ეროვნული ბანკი აქტიურად ახორციელებს და მომავალშიც განაგრძობს კომპლექსური დედოლარიზაციის ღონისძიებების გატარებას. ამ ეტაპზე, უკვე განხორციელებულმა ღონისძიებებმა საკმაოდ კარგი შედეგები მოიტანა და, დაახლოებით, 9 პროცენტული პუნქტით შემცირდა როგორც სესხების, ასევე – დეპოზიტების დოლარიზაცია“, – აღნიშნა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა.
კობა გვენეტაძემ ისაუბრა ეროვნული ბანკის მიერ განხორციელებული რეფორმების შესახებ. მისი განცხადებით, ქვეყნის ცენტრალურმა ბანკმა საფინანსო სექტორში ლიკვიდობის მართვა გააუმჯობესა – ლიკვიდობის ინსტრუმენტის განვითარებამ შეამცირა მოკლევადიანი საპროცენტო განაკვეთების მერყეობა და გააძლიერა მონეტარული პოლიტიკის გადაცემა რეალურ ეკონომიკაზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები