გიორგი ქობულია: ევროკავშირი ტექსტილისა და ავეჯის კლასტერების შექმნაში დაგვეხმარება

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში, ტექსტილისა და ავეჯის მწარმოებელი კლასტერების შექმნის შესახებ კვლევის შედეგები განიხილეს. კვლევის შედეგები ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს გიორგი ქობულიასა და სამინისტროს სხვა ხელმძღვანელ პირებს, ევროკავშირისა და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) წარმომადგენლებმა გააცნეს.
შეხვედრას ასევე დაესწრო ევროკავშირის ელჩი საქართველოში კარლ ჰარცელი და სავაჭრო – სამრეწველო პალატის პრეზიდენტი ნინო ჩიქოვანი.
შეხვედრის შედეგების შეჯამებისას, ეკონომიკის მინისტრმა განაცხადა, რომ ჩატარებული კვლევის შედეგების თანახმად, საქართველოს აქვს ორივე სექტორის განვითარების საკმაოდ დიდი პოტენციალი. გიორგი ქობულიას თქმით, ტექსტილის შემთხვევაში საუბარი იყო უფრო მაღალი დამატებითი ღირებულების საწარმოების შექმნაზე, ავეჯის შემთხვევაში კი – მასიური ხის ავეჯის წარმოების სპეციალიზებაში.
„ჩვენ შევთანხმდით სამომავლო ნაბიჯებზე და ორივე მიმართულებით ევროკავშირი კლასტერის შექმნაში დაგვეხმარება. ამ მიზნით ევროკავშირი გამოგვიყოფს საერთაშორისო დონის ექსპერტებს, რომლებიც გააერთიანებენ ქართველ მწარმოებლებს თითოეულ სექტორში, დაეხმარებიან მათ, აამაღლონ წარმოების ეფექტურობა, შემოიტანონ ახალი ტექნოლოგიები წარმოებაში და რაც ყველაზე მთავარია, იპოვონ მყიდველები და აითვისონ ევროკავშირის ბაზარი. იმედი მაქვს, რომ ეს ინიციატივა უახლოეს ხანებში ხელშესახებ შედეგებს გამოიღებს”, – განაცხადა გიორგი ქობულიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები