თამარ ჩუგოშვილი: ეს არის მეგობრების ანგარიში, რომელთაც უნდათ, რომ მათი პარტნიორი ქვეყანა წინ წავიდეს

“ეს არის მეგობრების ანგარიში, რომლებსაც უნდათ, რომ მათი პარტნიორი ქვეყანა წინ წავიდეს”, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცესპიკერმა, თამარ ჩუგოშვილმა, გადაცემა „იმედი live”-ში სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშზე საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, სასურველია, ქვეყანამ ყოველთვის გაითვალისწინოს და ყურადღება მიაქციოს ანგარიშში წამოწეულ საკითხებს.

„ეს არის მეგობრების ანგარიში, რომლებსაც უნდათ, რომ მათი პარტნიორი ქვეყანა წინ წავიდეს და თუ არის თემები, რომლებზეც საზოგადოება დაობს, ამ თემებს მიაქციოს დამატებითი ყურადღება და ეცადოს, რომ ამ მიმართულებით გადადგას სწორი ნაბიჯები. ამ ანგარიშში დასკვნების გამოტანა და შეფასებები არ ხდება. ანგარიშში ასახულია ის, თუ ქვეყანაში რაზე მსჯელობენ. სასურველია, ქვეყანამ ყოველთვის გაითვალისწინოს და ყურადღება მიაქციოს წამოწეულ საკითხებს. ისინი ეხება პრობლემურ თემებს. ქალთა მიმართ ძალადობა არის თემა, რომელზეც არავინ დაობს, რომ ძალიან დიდი ნახტომი გავაკეთეთ წინ. შსს-მ იმუშავა ძალიან კარგად. პარლამენტმა სტამბოლის კონვენციის რატიფიცირება მოახდინა, ბევრი რამ გაკეთდა და, შესაბამისად, ეს ასეც არის ასახული.

ძირითადი თემები ყურადღებამისაქცევია. სასამართლო რეფორმაში რომ გვაქვს საქმე გასაკეთებელი და სასამართლო დამოუკიდებლობის ეფექტიანობის სამართლიანობის კუთხით რომ ქვეყანაში საქმე ბოლომდე აქვს მისაყვანი, ამაში არავის თქმა გვჭირდება. ძალიან კარგად ვიცით ყველამ, რომ ეს საქმე დასრულებული არ არის – რაღაც კონდიციამდე მივედით, მაგრამ კიდევ უფრო შორს ვართ წასასვლელი. ამაზე აურზაურია ქვეყანაში და ბუნებრივია, ასეთ ანგარიშში მოხვდებოდა ისევე, როგორც, მაგალითად, ანგარიშში დიდი ნაწილი ეთმობა ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების დარღვევის თემას. დღე არ გავა, რომ ადამიანი არ მოგვტაცონ. არის უმძიმესი შემთხვევები. ახლახან, ადამიანი დაიღუპა და უმძიმესი ტრაგიკული მოვლენა იყო. მანამდე კიდევ რამდენიმე ფაქტი იყო. ასეთ შემთხვევებზე რომ ყურადღება მახვილდება, ეს მნიშვნელოვანია და ბერკეტია იმისთვის, რომ სხვადასხვა საერთაშოროსო პლატფორმაზე გამოვიყენოთ”, – განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები