ნაძალადევის რაიონში გარდაცვლილი ოთხი წლის ბავშვის დედას ბრალი დაუმძიმდა
ნაძალადევის რაიონში გარდაცვლილი ოთხი წლის ბავშვის დედას, ლელა ქსოვრელს ბრალი დაუმძიმდა, – განუცხადეს „კვირას“ გენერალური პროკურატურაში.
საგამოძიებო უწყების პრესსამსახურის ინფორმაციით, ლელა ქსოვრელს ბრალი 25 თებერვალს დაუმძიმდა.
„ლ.ქ.-ს წარედგინა დაზუსტებული ბრალი საქართველოს სსკ-ის 111.117-ე მუხლის მე-6 ნაწილით (ოჯახის წევრის ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება, რამაც მისი სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია, ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ), 111.126-ე მუხლის მე-2 ნაწილის “დ“ ქვეპუნქტით (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის სისტემატური ცემა და ძალადობა, ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ) და 111.381-ე მუხლის პირველი ნაწილით (შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობა, ჩადენილი ოჯახის წევრის მიმართ“, – აცხადებენ გენერალურ პროკურატურაში.
მათივე ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ 2019 წლის 21 იანვრიდან – 22 იანვრამდე ღამის პერიოდში, ლ.ქ.-მ არასრულწლოვან შვილს ნ.ზ.-ს თავის არეში სიცოცხლისთვის სახიფათო მძიმე ხარისხის დაზიანებები, ქალა-ტვინის ბლაგვი ტრავმის სახით მიაყენა.
მიყენებულმა დაზიანებებმა სისხლჩაქცევა და თავის ტვინის მკვეთრი შეშუპება გამოიწვია, შედეგად 2019 წლის 22 იანვრის დილის საათებში ნ.ზ. გარდაიცვალა.