ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი: სტრატეგია, რომელიც სალომე ზურაბიშვილმა წარმოადგინა, შესანიშნავია

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის პრეზიდენტს, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერს შეხვდა.
შეხვედრის შემდეგ ერთობლივად გამართულ პრესკონფერენციაზე შტაინმაიერმა განაცხადა, რომ საქართველო კიდევ უფრო მჭიდროდ უნდა დაუკავშირდეს გერმანიას სხვადასხვა სფეროში.
„ჩვენ ვისაუბრეთ, რომ ევროკავშირი საკუთარი თავის გამორკვევისთვის იბრძვის, ბრექსითით არის დაკავებული პოლიტიკურ რეჟიმში და ბრექსითის მერეც ბევრი საქმე ექნება, რომ საკუთარ რეფორმებს მიხედოს. ამ მდგომარეობაში, ევროკავშირის კონსოლიდაციის ამ ფაზაში, მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ არ დავიკარგოთ და ევროკავშირისთვის ეს მძიმე ფაზა გამოვიყენოთ იმისთვის, რომ კვლავაც გავაგრძელოთ საქართველოსთან კავშირი. ჩვენ არ ვართ ხუთი ან ექვსი წლის წინანდელ მდგომარეობაში. გვაქვს ამასობაში ბაზა, გვაქვს ასოცირების შესახებ შეთანხმება და სტრატეგია, რომელიც ქალბატონმა პრეზიდენტმა წარმოადგინა, შესანიშნავია. ჩვენ ახლა უნდა ვცადოთ, საქართველო კიდევ უფრო მჭიდროდ დავაკავშიროთ სხვადასხვა სფეროში, ინფრასტრუქტურაში, კულტურაში, ეკონომიკაში და ასე შემდეგ.
​რაც შეეხება უსაფრთხოების პოლიტიკას, ჩვენ ვისაუბრეთ, რომ საქართველო ნატო-სთან აგრძელებს არსებულ დიალოგს. ამის იქით თუ არის კიდევ არსებითი შესაძლებლობა საქართველოსა და ნატო-ს დაახლოების, ეს ნატო-ს არსებით გადაწყვეტილებებში უნდა აისახოს“, – განაცხადა გერმანიის პრეზიდენტმა პრესკონფერენციაზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები