დავით ხოსრუაშვილი: დეცენტრალიზაციის პლუსები რეალურად უკვე გამოჩნდა

 

„საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობის ერთეულების ფინანსისტთა ასოციაციის თავმჯდომარემ“ დავით ხოსრუაშვილმა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრ მაია ცქიტიშვილის გამოსვლა შეაფასა.
„რაც დაიწყო ძალიან კარგია და დეცენტრალიზაცია ალბათ უკვე შეუქცევადი პროცესია. დეცენტრალიზაციის პლუსები რეალურად უკვე გამოჩნდა, ეს არის მაგალითად დღგ-ს დატოვების ნაწილი. ანუ მუნიციპალიტეტი აქამდე გათანაბრებით ტრანსფერზე იყო დამოკიდებული, თვეში ერთხელ ერიცხებოდა. უნდა დაერეკათ ფინანსთა სამინისტროში და ეთხოვათ, რომ ჩაერიცხათ ან არ ჩაერიცხათ. ახლა დღგ უკვე ყოველდღიურ რეჟიმში, ავტომატურად ირიცხება.
შემდეგი სიკეთე ის არის, რომ რეალურად თანხა აღარ აკლდება. მაგალითად, თუ ზედმეტი შემოვიდა გადასახადი, დღგ აღარ აკლდება. ეს ცვლილებები მუნიციპალიტეტს მოტივაციას აუმაღლებს, რათა მეტი იმუშაონ გადასახადის მიღებაზე. შესაბამისად მოსახლეობასაც მუნიციპალიტეტი უფრო მეტს დაახარჯავს. აქამდე ცენტრალურ ბიუჯეტზე იყვნენ დამოკიდებულნი და რამდენსაც განუსაზღვრავდა ფინანსთა სამინისტრო, იმაზე მეტს ვერ დახარჯავდნენ. კიდევ არის ერთი საკითხი. მაგალითად, იქ ადგილზე რაღაც საკითხებია, როცა ადგილობრივ მოსახლეს ცენტრალური სტრუქტურებისთვის უნდა მიემარა, ამ დროს კი უფრო მარტივია მისთვის მუნიციპალიტეტმა და მერიამ მოუგვაროს ეს პრობლემა. მაგალითად, ლიცენზიები, სხვადასხვა ბუნებრივი რესურსების მოსაკრებლები, სოციალური საკითხები – ეს ის თემებია, რომლებიც ადგილზე გადაწყდება,“ – აღნიშნა დავით ხოსრუაშვილმა.
ცნობისათვის: „მინისტრის საათის“ ფარგლებში პარლამენტმა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრ მაია ცქიტიშვილს მოუსმინა, რომელმაც საკანონმდებლო ორგანოს წინა წელს შესრულებული სამუშაო ანგარიში და მიმდინარე წლის გეგმები, მათ შორის – 2019-2025 წლების დეცენტრალიზაციის სტრატეგია და 2019-2020 წლების სამოქმედო გეგმა წარუდგინა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები