სულხან მახათაძე: ჩვენ მოვისმინეთ 2019 წლის გეგმა და მართლაც შთამბეჭდავი და ოპტიმისტურია, მინდა, წარმატებები გისურვოთ

 

“მოვისმინეთ 2019 წლის გეგმა და მართლაც შთამბეჭდავი და ოპტიმისტურია, მინდა, წარმატებები გისურვოთ, უპირველეს ყოვლისა”, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” მაჟორიტარმა დეპუტატმა, სულხან მახათაძემ განაცხადა.
მან ინფრასტრუქტურის მინისტრს, მაია ცქიტიშვილს, რომელიც პარლამენტში მინისტრის საათზე მოხსენებით გამოდის, რამდენიმე კითხვა დაუსვა.
“რამდენიმე შეკითხვა მექნება, პირველი რაც ჩვენ ვნახეთ, რომ თქვენს უწყებას დაახლოებით 2 მილიონ ლარამდე აქვს გაზრდილი დაფინანსება, აქედან გამომდინარე ამ თანხების რაციონალური და ეფექტური ხარჯვა ძალიან ბევრ კომპონენტზეა დამოკიდებული და განსაკუთებით, ეს არის შესყიდვების ნაწილი. სამწუხაროდ, ჩვენს ქვეყანაში არ არსებობს ძალიან ბევრი კომპანია, რომლებიც პასუხისმგებლობით მოეკიდებიან ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებებს და დაწყებულ საქმეებს ბოლომდე მიიყვანენ. ამის ძალიან ბევრი მაგალითი არსებობს, ხომ არ ფიქრობთ რომ გადაიხედოს შესყიდვების მიმართულებით, რომ კონკურენცია არ შევზღუდოთ და შესაბამისად, უფრო მეტი კვალიფიციურმა ორგანიზაციებმა მიიღონ მონაწილეობა და წლის ბოლომდე განახორციელონ ეს სამუშაოები, ვინაიდან მათზეა დამოკიდებული ბევრი რამ. მეორე კითხვა ეს ეხება მთის კანონს, რომელიც 2015 წელს მივიღეთ და ფაქტობრივად, დღეს 1700-მდე მეტი დასახლება სარგებლობს შეღავათებით. რას გვიჩვენებს სტატისტიკა, რამდენად ეფექტურია და შესაბამისად, ფიქრობთ თუ არა, რომ დამატებით, მომავალში კიდევ გავზარდოთ ეს შეღავათები? და მესამე, მე წარმოვადგენ ჭიათურის მუნიციპალიტეტს და არ შემიძლია, მადლობა არ გადაგიხადოთ იქედან გამომდინარე, რომ ფაქტობრივად, ორი ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი ხორციელდება, ეს არის საბაგირო გზების მშენებლობა და წყლის სისტემების მშენებლობა. მსგავსი მასშტაბის პროექტი ბოლო 30-35 წლის განმავლობაში ფაქტობრივად არ განხორციელებულა, მაგრამ ამ პროექტების განხორციელებაში გარკვეულ ხარვეზებს ვხედავთ, ეს თქვენთვისაც ცნობილი იქნება და ფიქრობთ თუ არა, რომ წლის განმავლობაში გამოსწორებული იქნება და ამ პროექტების განხორციელებას მოიყვანთ სისრულეში”, – აღნიშნა სულხან მახათაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები