„მოლარეს, დანის მუქარით, 243 ლარი გასტაცა“, – იმერეთში არასრულწლოვნები დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ქუთაისის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ქუთაისში მომხდარი ყაჩაღობის ორი ფაქტი გახსნეს და ორი პირი დააკავეს. ჩადენილი დანაშაული თავისუფლების 5-დან 7 წლამდე ვადით აღკვეთას ითვალისწინებს.
“გამოძიებამ დაადგინა, რომ 2001 წელს დაბადებულმა ბ. გ.-მ, ქუთაისში, სასურსათო მაღაზიის მოლარეს, დანის მუქარით, 173 ლარი გასტაცა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. სამართალდამცველებმა ბრალდებული მომხდარიდან რამდენიმე დღეში დააკავეს. დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს. პოლიციამ, ყაჩაღობის ბრალდებით, 2002 წელს დაბადებული გ.თ.-ც დააკავა, რომელმაც ქუთაისში, ერთ-ერთი მაღაზიის მოლარეს, დანის მუქარით, 243 ლარი გასტაცა და მიიმალა.
გამოძიება ყაჩაღობის ფაქტებზე, სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით მიმდინარეობს. გამოძიებით, ასევე, დადგინდა, რომ გ.თ.-მ ქუთაისში ორი მოქალაქის საცხოვრებელი სახლები გაქურდა, რის გამოც ბრალი საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით წარედგინა”, – აცხადებენ შსს-ში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები