ეკა ბესელია: თუ ვაკანტურ პოზიციებზე ყველა მოსამართლეს უვადოდ დავნიშნავთ, ვისთვის ვატარებთ ამ რეფორმას
იმ ვითარებაში, როდესაც პარლამენტმა უვადოდ განწესების თაობაზე მსჯელობა დაიწყო, არ იცდის იუსტიციის უმაღლესი საბჭო, არ ელოდება პარლამენტის გადაწყვეტილებას და, პარალელურად, მოსამართლეთა უვადოდ განწესებას აგრძელებს”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა, ეკა ბესელიამ განაცხადა.
მისი თქმით, აღნიშნული მოცემულობა კიდევ ერთი არგუმენტია იმ იდეისა, რომ სწრაფად მოხდეს მოსამართლეთა უვადოდ განწესების შეჩერება.
“თუ ჩვენ დარჩენილ იმ ვაკანტურ პოზიციებზე, სადაც მოსამართლეები, ჯერჯერობით, უვადოდ არ არიან დანიშნულები, ყველა მოსამართლეს უვადოდ დავნიშნავთ, მითხარით, ვისთვის ვატარებთ ამ რეფორმას? რისთვის ვაკეთებთ იუსტიციის უმაღლესი სკოლის ახალ მოდელს? რატომ და რისთვის ვასწორებთ იმ მრუდე პრაქტიკას, რომელიც შეიქმნა უვადოდ განწესების პროცესში, როდესაც გამოსაცდელი ვადის დასრულებამდე ხდება მოსამართლეთა გადანიშვნა? რას ვპასუხობთ მოქალაქეებს, რომლებიც წუხან, რომ დღევანდელი სასამართლო ხელისუფლება მთლიანად ჩაიკეტება?“ – განაცხადა ეკა ბესელიამ.
შეგახსენებთ, რომ, იუსტიციის უმაღლეს საბჭოში გამართული კენჭისყრის შედეგად, დღეს, რვა მოსამართლე უვადოდ განწესდა.