შსს-მ უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღო – დაკავებულია ორი პირი

ფოთში, შინაგან საქმეთა სამინისტრომ, უკანონო ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ბრალდებით,  ორი პირი დააკავა.
„სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ფოთის სამმართველოს თანამშრომლების მიერ ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, დაკავებულები არიან ნ.გ. და წარსულში ყაჩაღობისთვის ნასამართლევი შ.ქ.
სამართალდამცველებმა, ერთ-ერთი ბრალდებულის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, კალაშნიკოვის კონსტრუქციის „აკმ“-ის მოდელის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, „კო-44“-ის სისტემის კარაბინი, 3 მჭიდი და 110 საბრძოლო ვაზნა ნივთმტკიცებად ამოიღეს“, – აცხადებენ შს სამინისტროში.
უწყების ცნობით, გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს. ჩადენილი დანაშაული თავისუფლების 3-დან 6 წლამდე ვადით  აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები