შსს-მ ფარული ვიდეოჩანაწერის შენახვისა და გავრცელების ბრალდებით კიდევ ერთი პირი დააკავა

სამართალდამცველებმა, მიმდინარე გამოძიების ფარგლებში ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ვიდეოჩანაწერის შენახვისა და გავრცელების ბრალდებით, კიდევ ერთი პირი – 1975 წელს დაბადებული ზ.ლ.  დააკავეს. პოლიციამ ბრალდებულის საცხოვრებელ სახლში მოსამართლის განჩინების საფუძველზე ჩხრეკა ჩაატარა.

როგორც ,,კვირას” უწყებიდან აცნობეს, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მობილური ინტერნეტაპლიკაციის მეშვეობით გაავრცელა  პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოჩანაწერი.

,,საზოგადოებას კიდევ ერთხელ შევახსენებთ, რომ ადამიანების პირადი ცხოვრების ამსახველი მასალის უკანონო მოპოვება, შენახვა და გავრცელება სისხლის სამართლის დანაშაულია. სისხლის სამართლის წესით ისჯება პირადი ცხოვრების ამსახველი მასალის როგორც ნებისმიერი საშუალებით გავრცელება (მათ შორის მობილური აპლიკაციის მეშვეობით გადაგზავნა), ასევე, მისი შენახვა, რაც ისჯება 4-დან 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთით.
ყველა იმ პირის მიმართ, ვინც გამიზნულად ან სხვაგვარად ახდენს პირადი ცხოვრების ამსახველი მასალების გავრცელებას, შინაგან საქმეთა სამინისტრო იძულებული იქნება,  გაატაროს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ზომები,”- აცხადებს შინაგან საქმეთა სამინისტრო.

შინაგან საქმეთა სამინისტრო პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოჩანაწერის გავრცელების ფაქტზე გამოძიებას საქართველოს სსკ-ის 157-ე პრიმა მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით აწარმოებს.

აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში,  სულ 18 პირია დაკავებული.

გამოძიება გრძელდება დანაშაულთან შემხებლობაში მყოფი სხვა პირების დადგენის მიზნით.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები