250-ლარიანი ვალის გამო დაწყებული და სისხლიანი გარჩევით დასრულებული ჩხუბი – რა მოხდა თბილისში

პროკურატურის მტკიცებულებების საფუძველზე, განზრახ მკვლელობის მცდელობისა და დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის ბრალდებულები, სასამართლომ დამნაშავედ ცნო. ამის შესახებ ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.
„თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის ბრალდებული თ.ჯ. და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის ბრალდებული ნ.თ. დამნაშავედ ცნო. თ.ჯ. -ს სასჯელის სახედ და ზომად რვა წლით, ხოლო ნ.თ.-ს თავისუფლების ორი წლით აღკვეთა განესაზღვრა.
სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებების შედეგად, უტყუარად დადასტურდა, რომ, 2018 წლის 25 ივნისს, თ.ჯ.-მ მის ნაცნობ  ი.ნ.-ს, პირადი აუცილებლობისთვის, რამდენიმე საათით, 250 ლარი ასესხა. დათქმული დროის გასვლის შემდეგ, თ.ჯ. მობილური ტელეფონით არაერთხელ დაუკავშირდა ი.ნ.-ს და ვალის დაუყოვნებლივ დაბრუნება მოსთხოვა.
ი.ნ.-მ, რომელიც თანხის დასაბრუნებლად გარკვეულ პერიოდს ითხოვდა, თ.ჯ.-ს შეაგინა, თ.ჯ. კი, შურისძიების მოტივით, ი.ნ.-ს მოკვლის მიზნით, იმავე დღეს, მეგობართან ნ.თ.-სთან ერთად, ავტომანქანით ი.ნ.-ს სახლთან მივიდა და უყვიროდა, რომ ის  დაბლა ჩასულიყო, რა დროსაც სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა – აგინებდა და ემუქრებოდა, რომ „დაშტირავდა“. ვინაიდან თ.ჯ. არ ჩერდებოდა, ი.ნ. ეზოში ჩავიდა, რა დროსაც თ.ჯ.-მ, შურისძიების მოტივით, განზრახ მოკვლის მიზნით, მას დანით, გულმკერდის არეში, სიცოცხლისთვის სახიფათო დაზიანება მიაყენა, შემდეგ კი მეგობართან, ნ.თ.-სთან ერთად, შემთხვევის ადგილი დატოვა და მიიმალა.
სამედიცინო დახმარების აღმოჩენის შედეგად, ი.ნ.-ს გადარჩენა მოხერხდა.
სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებების შედეგად, ასევე, დადასტურდა –  ნ.თ.-მ ნამდვილად იცოდა, რომ თ.ჯ.-მ განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაული ჩაიდინა; თუმცა, მომხდარის შესახებ არ შეატყობინა სამართალდამცავ ორგანოს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
სამართალდამცველებმა თ.ჯ. და ნ.თ. 2018 წლის 26 ივნისს თბილისში დააკავეს. თ.ჯ.-ს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობის მცდელობა), ხოლო ნ.თ.-ს 376-ე მუხლით (განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობა) წარედგინა. ორივე ბრალდებულს, აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობა შეეფარდა“, -აცხადებენ პროკურატურაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები