სასამართლომ გიორგი ვაშაძე 3000 ლარით დააჯარიმა, ნიკა მელიას ნაწილში წარმოდგენილი მტკიცებულებები კი საკმარისად არ მიიჩნია

გურჯაანის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებით, პარტია „ახალი საქართველოს“ ლიდერი გიორგი ვაშაძე პოლიციელებისთვის სიტყვიერი შეურაცხყოფისა და კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობისთვის 3000 ლარით დაჯარიმდა.
სასამართლომ ველისციხეში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებული საქმის განხილვა დაასრულა და გიორგი ვაშაძე სამართალდამრღვევად ცნო. საქმე ეხება 2018 წლის 16 დეკემბერს მომხდარ ინციდენტს, რა დროსაც, გიორგი ვაშაძემ პოლიციელს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. გამოძიების მასალების თანახმად, პოლიციელებისთვის სიტყვიერი შეურაცხყოფისა და კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობისთვის გიორგი ვაშაძესა და ნიკანორ მელიას ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით ედავებოდა.
გურჯაანის სასამართლომ, ნიკანორ მელიას ნაწილში წარმოდგენილი მტკიცებულებები საკმარისად არ მიიჩნია, რის გასაჩივრებასაც დავის მხარე სააპელაციო სასამართლოში გეგმავს.
აღსანიშნავია, რომ სასამართლო პროცესს თავად ბრალდებულები არ ესწრებოდნენ. 16 დეკემბერს, გურჯაანისა და თელავის მუნიციპალიტეტებში გაერთიანებული ოპოზიციის საპროტესტო აქციების დროს, 10-ზე მეტი პოლიციელი დაშავდა. პოლიციელთათვის წინააღმდეგობის გაწევის გამო დაკავებულებს შორის ერთ-ერთი ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლების ყოფილი მაღალჩინოსანი დავით კირკიტაძეა. აღსანიშნავია, რომ 2018 წლის 16 დეკემბერს, ველისციხეში მომხდარი ინციდენტის დროს გიორგი ვაშაძე გაერთიანებული ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატის გრიგოლ ვაშაძის საარჩევნო შტაბის უფროსი იყო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები