გურიაში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებთან ტურისტული ინფრასტრუქტურა მოეწყობა

ოზურგეთისა და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტების კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებთან ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობისა და ინტეგრირების პროექტი იგეგმება.
კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, გურიის რეგიონში სააგენტოსა და ფონდის ერთობლივი სამუშაო ჯგუფის ვიზიტისას უკვე განისაზღვრა საკულტო და საფორტიფიკაციო ნაგებობების წინასწარი ნუსხა, რომლებზეც, მცირე სარეაბილიტაციო სამუშაოებთან ერთად, ინფრასტრუქტურული კეთილმოწყობის პროცესიც წარიმართება.
ადგილობრივი თვითმმართველობის (რეგიონის გუბერნატორის, მუნიციპალური გამგეობები) წარმომადგენლობასთან ერთად, უწყებათა ხელმძღვანელების მიერ პირველ ეტაპზე 4 კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია შერჩეული.
სათანადო საპროექტო დოკუმენტაციის საფუძველზე ფიზიკური სამუშაოები ლიხაურის ციხეზე, ასკანის ციხეზე, კონჭკათის მამათა მონასტერზე და ჯუმათის ეკლესიაზე წლეულს დაიწყება. სამუშაოები მოიცავს არქიტექტურული ნაგებობების რესტავრაციას (კონჩკათის მონასტერის გარდა, სადაც სააგენტოს დაფინანსებითა და ორგანიზებით დასრულდა ტაძრის სარეაბილიტაციო პროცესი), მათ სტრუქტურულ გამაგრებას, ტერიტორიებზე გადასახედი მოედნებისა და საფეხმავლო ბილიკების მოწყობას, საკომუნიკაციო გზების მოწესრიგებას, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებზე განათების სისტემების მონტაჟს. მოსამზადებელ და ძირითად ეტაპებზე პროექტში მონაწილე უწყებებს შორის წინასწარ უკვე განსაზღვრულია სამოქმედო პროგრამა. კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო ოთხივე ობიექტზე განსახორციელებელი სამუშაოებისთვის პროექტებს მოამზადებს.
ადგილობრივი თვითმმართველობები ძეგლების სარეაბილიტაციო-ინფრასტრუქტურული პროექტის მოსამზადებელ ეტაპს უზრუნველყოფენ, რაც ტერიტორიისა და არქიტექტურული ნაგებობების ხე-მცენარეებისაგან დადგენილი წესით გაწმენდას ითვალისწინებს. მუნიციპალური განვითარების ფონდი კი ფიზიკური სამუშაოების პროცესს დააფინანსებს. ოზურგეთისა და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტების კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების სარეაბილიტაციო-ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება რეგიონის ტურისტული პოტენციალის ათვისების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი იქნება, რაც თავის მხრივ ადგილობრივი თემისთვის ეკონომიკური განვითარების მყარ საფუძველს შექმნის.
სამომავლოდ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო რესტავრირებული ძეგლების ბაზაზე საგანმანათლებლო ცენტრების ამოქმედებას გეგმავს. გურიის რეგიონის 2 მუნიციპალიტეტის კულტურული მემკვიდრეობის 4 ძეგლზე სარესტავრაციო-ინფრასტრუქტურული პროექტი ზაფხულიდან დაიწყება. წინასწარი პროგნოზით, ფიზიკური სამუშაოები არქიტექტურულ ნაგებობებსა და მიმდებარე ტერიტორიებზე 2020 წლის ბოლომდე უნდა დასრულდეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები