ფოტოგრაფ ვახო ხეთაგურის პერსონალური გამოფენა „მონოლოგი“ გაიხსნება
2 თებერვალს, 16:00 საათზე, თბილისის ისტორიის მუზეუმში, ქართველი ფოტოგრაფის, ვახო ხეთაგურის პერსონალური გამოფენა „მონოლოგი“ გაიხსნება.
ორგანიზატორების ინფორმაციით, თანამედროვე ქართული ფოტოგრაფიის ახალგაზრდა თაობის ერთ-ერთი გამორჩეული წარმომადგენლის ვახო ხეთაგურის გამოფენა 15 თებერვლამდე გასტანს.
„მონოლოგი“ რეტროსპექტული გამოფენაა, რომელიც ავტორის 12 სერიას აერთიანებს. წარმოდგენილი სერიები რვა სხვადასხვა ქვეყანაშია შესრულებული. განსხვავებულია მათი ტექნიკა და ჟანრები – კონცეპტუალური, დოკუმენტური და ჟურნალისტური. ავტორი ერთნაირი წარმატებით ახერხებს თემის სიღრმისეულ გააზრებასა და ემოციური თხრობითი ხაზის შექმნას. ფოტოგრაფის ხელწერას გამოარჩევს მის მიერ ინტროსპექტიულ და სოციალურ თემაზე შექმნილი შავ-თეთრი ფოტოსერიები.
გამოფენის კურატორი: მირიამ გრიგალაშვილი.
მისამართი: იოსებ გრიშაშვილის თბილისის ისტორიის მუზეუმი (ქარვასლა), სიონის ქუჩა #8.