„თბილისის ერთ-ერთი ლამაზი და ისტორიული სახლი ინგრევა… ამის დაშვება ყოვლად გაუმართლებელია“…
თბილისში, რუსთაველის 37-ში მდებარე ისტორიული შენობა ინგრევა. ამაზე ფოტოხელოვანი გოგა ჩანადირი აქვეყნებს სტატუსს, რომელსაც „კვირა“ უცვლელად გტავაზობთ: „თბილისში, რუსთაველის 37-ში მდებარე ისტორიული შენობა, რომელიც ცნობილია როგორც ალექსანდრე მელიქ-აზარიანცის სახლი, დანგრევის პირასაა.
ერთ ადგილას უკვე ჩამოიშალა სკუპლტურული კომპოზიცია. მალე სხვებიც მიჰყვება, რადგან ყველა მათგანი დაბზარულია.
ეს თბილისისთვის დიდი უბედურება იქნება.
სახლი სომეხმა მეწარმემ 1912 წელს პეტერბურგელ ნიკოლაი ობოლონსკის დაუკვეთა, რომელმაც მშენებლობა 3 წელიწადში, 1915 წელს დაასრულა.
ამ ცნობილ არქიტექტორს თბილისში სხვა შენობა აღარ აუგია. თუმცა, მისთვისაც ძალიან დიდი გასამრჯელო აუღია.
შენობა, პრაქტიკულად, თბილისის პირველი ბიზნესცენტრი გახდა. აქ იყო თეატრი, მაღაზიები, აფთიაქი, დაწესებულები, მცირე სასტუმრო და სხვა. ასევე, ის იყო პირველი ნაგებობა, რომელსაც დამოუკიდებელი გაყვანილობები (წყალსადენი, ელექტრობა) და იმდროინდელ თბილისში ყველაზე დიდი მიწისქვეშა სადგომი ჰქონდა.
რაც შეეხება შენობის მორთულობას, ჩეხმა ნოვაკმა შეასრულა და იმთავითვე ქალაქის გამორჩეული ნაგებობის სახელი მოიპოვა.
ამ შენობას არაერთი ლეგენდა, მითქმა-მოთქმა და თავგადასავალი უკავშირდება.
ერთი გადმოცემა იმასაც ამბობს, რომ მელიქ-აზარიანცი საბჭოთა ოკუპაციის შემდეგ მიწისქვეშა საიდუმლო გვირაბში დაიმალა, კარი ჩაეკეტა და ჩარჩა. ამიტომ, ამას მიაწერენ ამბავს, რომ სარდაფში თითქოსდა, ერთ ადგილას კაკუნის ხმა ისმის. ზოგიერთი წყარო ამბობს, რომ მეწარმეს საბჭოთა რეჟიმმა სახლი და ქონება ჩამოართვა. ის იმავე სახლის 1 პატარა ოთახში დატოვეს და 1923 წელს სიღარიბეში გარდაიცვალა.
100 წელიწადში ამ შენობის სამჯერ დანგრევა სცადეს და ყოველთვის გადარჩა. ახლა კი, ის უყურადღებობით ინგრევა. თბილისს ერთ-ერთი ლამაზი და ისტორიული სახლი ხელიდან ეცლება და ამის დაშვება ყოვლად გაუმართლებელია“, – წერს გოგა ჩანადირი.