სამირ სავჩუკის ხსოვნის საღამო გაიმართება

26 იანვარს, 19:00 საათზე, „კავკასიურ სახლში“  სამირ სავჩუკის ხსოვნის საღამო გაიმართება. ღონისძიებას ქუჩის მუსიკოსები, ახალგაზრდა ხელოვანის მეგობრები და ახლობლები დაესწრებიან.
როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა აცნობეს, შეხვედრაზე ნაჩვენები იქნება სამირ სავჩუკის შესახებ გადაღებული ვიდეოფილმები, შესრულდება მუსიკალური კომპოზიციები.
გასული საუკუნის 90-იანი წლების შემდეგ თბილისის ქუჩებსა და მეტროსადგურებში ახალგაზრდა მუსიკოსები მომრავლდნენ. ისინი თავიანთი სიმღერითა და შესრულებით ცდილობენ თავის გატანასა და ყოველდღიური საზრდოს მოპოვებას.
სამირ სავჩუკს მთელი თბილისი იცნობდა. უკრაინაში დაბადებული ქუჩის მუსიკოსი 15 წლის განმავლობაში უკრავდა მეტროსადგურ „სადგურის მოედნის“ ბაქანზე.
„მას მგზავრები პატივს სცემდნენ არა მხოლოდ მისი ნიჭისა და შემოქმედების, არამედ ადამიანური თვისებების გამოც. ხანმოკლე სიცოცხლის განმავლობაში სამირმა უამრავი დამცირება, შეურაცხყოფა და ტკივილი გადაიტანა, შიმშილი და სიცივე მუდამ თან სდევდა.
მიუხედავად ყოველდღიური სატანჯველისა, ხელოვანს მაინც არ დაუკარგავს სიმღერის ხალისი და ირგვლივმყოფთა სიყვარულის უნარი. მიწისქვეშა ტრანსპორტის მრავალი მგზავრი სამირს გულითად მეგობრად მიაჩნდა, მათ გაჭირვებას იზიარებდა, სიმღერითა და გამამხნევებელი შეძახილებით უქარვებდა ნაღველს.
გასული წლის შემოდგომის მიწურულს სამირ სავჩუკი თავის საცხოვრებელ სახლში გარდაცვლილი იპოვეს. მუსიკოსს სუნთქვის პრობლემები ჰქონდა, რადგან რამდენიმე წლის წინ იგი გამვლელებმა გაურკვეველი მიზეზის გამო სცემეს“, – აღნიშნავენ ორგანიზატორები.

მისამართი: გალაკტიონის #20.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები