„რკინის ფარდიდან აბრეშუმის გზამდე“ – ფოტოგამოფენა გაიხსნება და ედუარდ შევარდნაძის მემუარების წარდგენა გაიმართება

25 იანვარს, 19:00 საათზე, ედუარდ შევარდნაძეს 91 წელი შეუსრულდებოდა. ამ თარიღთან დაკავშირებით, ქართული სახვითი ხელოვნების მუზეუმი მასპინძლობს ფოტოგამოფენას სახელწოდებით – „რკინის ფარდიდან აბრეშუმის გზამდე“.
როგორც „კვირას“ მუზეუმიდან აცნობეს, 26 იანვრიდან 7 თებერვლის ჩათვლით ფოტოგამოფენის ნახვის შესაძლებლობა ყველა მსურველს ექნება.
მუზეუმის საგამოფენო სივრცეში ექსპოზიცია დაეთმობა ედუარდ შევარდნაძის პირად არქივში დაცულ, 1950-2000-იანი წლების ფოტოებს. ამასთანავე, წარმოდგენილი იქნება ნანული შევარდნაძის მიერ 20 წლის წინ დაგეგმილი გამოფენისთვის განკუთვნილი ფოტოები, რომელიც მეუღლეს – ქვეყნის პრეზიდენტს ეძღვნებოდა. ფოტოგამოფენა მაშინ ვერ შედგა. ახლა, ეს ისტორიული ფოტოები პირველად გახდება ხელმისაწვდომი ფართო საზოგადოებისთვის.
გამოფენის გახსნაზე ედუარდ შევარდნაძის მემუარების – „ფიქრი წარსულსა და მომავალზე“ – მეორე, შევსებული გამოცემის წარდგენაც შედგება, რომლის გამომცემელია „ნეოსტუდია“.
ფოტოგამოფენის გახსნაზე საზოგადოება გაეცნობა კიდევ ერთ ახალ გამოცემას – „რკინის ფარდიდან აბრეშუმის გზამდე“, რომელიც ნანა ზურაბიშვილმა შეადგინა. 20-წუთიანი ფილმის სცენარისთვის ჩაფიქრებული ტექსტი, საბოლოოდ, მნიშვნელოვანი პოლიტიკური მოვლენების ამსახველ 100 გვერდიან ნაშრომად იქცა, რომელიც ედუარდ შევარდნაძის ცხოვრებას და მოღვაწეობას ასახავს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები