სურამში ლესია უკრაინკას სახლ-მუზეუმი აღდგება

სურამში, უკრაინელი პოეტის ლესია უკრაინკას სახლ-მუზეუმის სრულმასშტაბიანი რესტავრაცია იგეგმება.  კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით,  რესტავრაციას სააგენტო მუნიციპალური განვითარების ფონდთან და ადგილობრივ თვითმმართველობასთან თანამშრომლობის საფუძველზე განახორციელებს.
მემორიალური სახლის აღდგენისა და სამუზეუმო მოწყობის ინიციატივა საქართველოში უკრაინის სრულუფლებიან ელჩს იგორ დოლგოვს ეკუთვნის, რომელიც პროცესში აქტიურად იქნება ჩართული.
2019 წელს სააგენტოს მიერ მომზადებული საპროექტო დოკუმენტაციის საფუძველზე ფიზიკურ სამუშაოებს მუნიციპალური განვითარების ფონდი დააფინანსებს. რეაბილიტაციის პროცესი სახლ-მუზეუმის შენობის კონსტრუქციულ გამაგრებასთან და მისი ინტერიერის მოწყობასთან ერთად, ეზოს გალავნის გამაგრებასაც ითვალისწინებს. ინფრასტრუქტურულად მოეწყობა სახლ-მუზეუმის ეზოც. სარეაბილიტაციო პროცესის მოსამზადებელ ეტაპს ადგილობრივი მუნიციპალიტეტი უზრუნველყოფს, რაც სამშენებლო მოედნის მოწყობასა და სამუზეუმო ექსპონატების დაცულ სივრცეში გადატანაში გამოიხატება. სარესტავრაციო პროექტი სახლ-მუზეუმის თანამედოვე მუზეუმოგრაფიასაც მოიცავს, რაც სამომავლოდ კულტურულ სივრცეს მეტ შინაარსობრივ დატვირთვას შესძენს. საპროექტო დოკუმენტაციის მომზადებას სააგენტო 2019 წლის გაზაფხულისთვის დაასრულებს. მუნიციპალური განვითარების ფონდის დაფინანსებით კი სარესტავრაციო პროცესი ზაფხულში დაიწყება და 2020 წლის ბოლომდე გასტანს.
ლესია უკრაინკას მემორიალური მუზეუმი ხაშურის მუნიციპალიტეტის დაბა სურამში, სურამელი აზნაურის, ცნობილი ეთნოგრაფის ნიკოლოზ აბაზაძის XIX საუკუნის სახლშია გახსნილი. მუზეუმის ფონდებში დაცულია ლესია უკრაინკას ცხოვრებასა და შემოქმედებასთან დაკავშირებული მასალები: პოეტის კრებულები, ხელნაწერები, სხვადასხვა ხასიათის დოკუმენტები, სახვითი ხელოვნების ნიმუშები, ნუმიზმატიკური, ფოტო და ეთნოგრაფიული მასალა. მუზეუმის გახსნის ინიციატორი მწერალი გიორგი ლეონიძე იყო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები