ყაზბეგის ინგლისურენოვანი ტურისტული გზამკვლევის წარდგენა და ფოტოგამოფენა გაიმართება

24 იანვარს, 19: 00 საათზე, ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზსში გაიმართება ყაზბეგის ინგლისურენოვანი ტურისტული გზამკვლევის „KAZBEGI GUIDE BOOK“-ის წარდგენა და ფოტოგამოფენა „უცნობი თრუსოს ხეობა“ (იაგო კაზალიკაშვილის და დავით გოგუაძის ფოტოები).
ორგანიზატორების ინფორმაციით, „ყაზბეგის გზამკვლევში“ თავმოყრილია ინფორმაცია ყაზბეგის (ხევის) − ისტორიისა და კულტურის ძეგლების; ბუნების ძეგლების; ეთნოგრაფიის, ალპინიზმის; ენდემური სახეობების; ტურისტული მარშრუტების და ტურისტული სერვისების შესახებ. აგრეთვე, მნიშვნელოვნადაა წარმოდგენილი საარქივო ფოტომასალა, ხოლო საისტორიო წყაროებზე დაყრდნობით დაზუსტდა და გადამოწმდა ისტორიული სახელწოდებები. „ყაზბეგის გზამკვლევის“ სახით ამ მხარის შესახებ მსგავსი ნაშრომი პირველად გამოიცემა.
„ყაზბეგის გზამკვლევი“ მასში შესული მრავალფეროვანი მასალით ვიზიტორებს მნიშვნელოვან ინფორმაციას მიაწვდის ყაზბეგის რაიონის ტურისტული პოტენციალის შესახებ. წიგნში წარმოდგენილია დღემდე ნაკლებად ცნობილი არაერთი ობიექტი. იგი გამიზნულია სხვადასხვა ინტერესების მქონე ვიზიტორთათვის. გზამკვლევს თან ერთვის ყაზბეგის რაიონის დეტალური რუკა, რომელიც საგანგებოდ ამ გამოცემისათვის მომზადდა.
ღონისძიება იმართება ორგანიზაცია „ლომეკის“ და ევროკავშირის მხარდაჭერით. პუბლიკაცია მომზადებულია ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის ეგიდით „სოფლის განვითარების მოდელების სრულყოფა საქართველოში“.
გზამკვლევის შეძენა შესაძლებელი იქნება ადგილზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები