დათო მაღრაძესთან შეხვედრა და  ახალი წიგნის „უსადაუროს“ წარდგენა გაიმართება

22 იანვარს, 17:00 საათზე,  თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის I კორპუსის  206-ე აუდიტორიაში პოეტ დათო მაღრაძესთან შეხვედრა და  ახალი წიგნის „უსადაუროს“ წარდგენა გაიმართება.
ისტორიიდან: ათეული წლების განმავლობაში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსის 93-ე აუდიტორიაში (ახლანდელი 206-ე, ნიკო ცხვედაძის სახელობის აუდიტორია) იმართებოდა სტუდენტური ლიტერატურული ღონისძიებები. ახალგაზრდა მწერალთა წრის შეხვედრა-დისკუსიებზე მაშინ, ჯერ კიდევ ახალგაზრდა, ნაკლებად ცნობილი, ახლა კი უკვე სახელგანთქმული მწერლები თუ პოეტები, თავიანთ ნაწარმოებებს აცნობდნენ საზოგადოებას და პირველ ნაბიჯებს დგამდნენ სამწერლობო ასპარეზზე. მაშინდელ თაობას ახსოვს ახალგაზრდული გულწრფელობით, ენერგიითა და რომანტიზმით სავსე საღამოები.
უნივერსიტეტის ლიტერატურული წრე პირველად 1947 წლის სექტემბერში შეიკრიბა. მეორე მსოფლიო ომი ახალი დამთავრებული იყო. უნივერსიტეტში ბევრი გამოჩნდა ლიტერატურით დაინტერესებული ახალგაზრდა. მათ შორის იყვნენ ომიდან დაბრუნებულებიც, ვისაც ჯერ კიდევ ფარაჯა ეცვა და სკოლადამთავრებულებიც, ვინც თვლიდა, რომ მათი მოწოდება მწერლობა იყო. ლიტერატურულ წრეს ხელმძღვანელობდა დოცენტი ბესო ჟღენტი.
თავდაპირველად, წრე დიდი არ იყო, სხდომებს ხალხიც ცოტა ესწრებოდა, მაგრამ მალე ახალგაზრდა მწერალთა წრე ძალიან პოპულარული გახდა. მუშაობის ერთადერთი ფორმა მაშინ წრის სხდომაზე წევრთა ნაწერების კითხვა-განხილვა იყო. შემდგომ, მუშაობა ისე გაცხოველდა, რომ შესაძლებელი გახდა ალმანახის დაარსება, რისი ინიციატივაც უნივერსიტეტის მაშინდელ რექტორს, აკადემიკოს ნიკო კეცხოველს ეკუთვნის. ასე დაიბადა ,,პირველი სხივი’’, რომლის პირველი ნომერი 1950 წელს გამოვიდა. რექტორ ნიკო კეცხოველის სპეციალური ბრძანებაც კი გამოიცა, რომლის თანახმად, 1951 წლის 24 დეკემბრიდან უნივერსიტეტელ მწერალთა გაერთიანებას ,,თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ახალგაზრდა მწერალთა წრე’’ ეწოდა. ყოველ მომდევნო წელს ალმანახ ,,პირველი სხივის’’ ახალი ნომერი გამოდიოდა. 2004 წლამდე სულ 30 ნომერი დაისტამბა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები