„შეიძლება, საწვავი კარგი ხარისხის იყოს, მაგრამ გაუმართავი მანქანა ჰაერს აბინძურებდეს“ – ადგილები, თბილისში, სადაც ჰაერი ყველაზე დაბინძურებულია

მონიტორინგის შედეგებით ირკვევა, რომ თბილისში ატმოსფერული ჰაერში არის აზოტის დიოქსიდების და მყარი შეწონილი ნაწილაკების (იგივე მტვრის) გადაჭარბება, – ამის შესახებ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე გარემოს ეროვნული სააგენტოს გარემოს დაბინძურების მონიტორინგის დეპარტამენტის უფროსმა, მარინე არაბიძემ განაცხადა.
მისი თქმით, გარემოს ეროვნული სააგენტო ჰაერის მონიტორინგს საქართველოს სხვადასხვა ქალაქში ახორციელებს.
„მონიტორინგის სისტემა 2013 წლიდან თანამედროვე მოთხოვნებზე გადავიდა, შესაბამისად გვაქვს ავტომატური სადგურები, რაც გაცილებით უმჯობესია, ვიდრე ადრინდელი სადგურები. ავტომატური სადგურები 24 საათის განმავლობაში აკონტროლებს ატმოსფერულ ჰაერში დაბინძურებას. ისინი განთავსებულია წერეთლის გამზირზე, ყაზბეგის გამზირზე, ვარკეთილსა და ვაშლიჯვარში. ასეთივე სადგურები გვაქვს ქუთაისსა და ბათუმში.
მონიტორინგის შედეგებით, რაც ფიქსირდება ეს არის მყარი შეწონილი ნაწილაკების გადაჭარბება, მარტივად რომ ვთქვათ, მტვერს რასაც ვუწოდებთ.
ჩვენ შედარებით დაბალბიუჯეტიან მონიტორინგის საშუალებებსაც ვიყენებთ, რასაც ჰქვია ინდიკატორული გაზომვები. ასეთ შემთხვევაში საქართველოში 80 წერტილს ვფარავთ, დედაქალში კი – 25-ს. იზომება აზოტის და გოგირდის დიოქსიდები, ბენზოლი და ოზონი.
შედეგები ასეთია : თბილისში შედარებით მაღალი დაბინძურებაა წერეთლის გამზირზე. არის ნივთირებები, რომლებზეც არანაირი პრობლემა აღარ არსებობს, მაგალითად ოზონი, ნახშირბადის მონოქსიდი ( CO ). არის აზოტის დიოქსიდები და მყარი ნაწილაკები. აზოტის დიოქსიდების წყარო არასრული წვაა. შეიძლება საწვავი კარგი ხარისხის იყოს, მაგრამ გაუმართავი მანქანა გვაძლევს ამ შედეგს.
ინდიკატორული გაზომვებით, თბილისში, 25 წერტილიდან უმეტეს ადგილას ფიქსირდება აზოტის დიოქსიდი, პირდაპირ ქუჩების მიხედვით, შეგიძლიათ დაახასიათოთ რუსთაველზე, მელიქიშვილის გამზირზე, მეტროსადგურებთან , ტექნიკურ უნივერსიტეტთან, ანუ პირდაპირ ჩანს, როგორ კორელაციაში მანქანების რაოდენობა აზოტის დიოქსიდების კონცენტრაციებთან.
საზოგადოების მაღალი ინტერესიდან გამომდინარე გეტყვით, რომ ტყვიის მონიტორინგი მიმდინარეობდა საქართველოში. ყოველკვირეულად ვახორციელებთ შემოწმებას, ეს ხდება ფილტრზე სინჯის აღებით. კვლევა მიმდინარეობს ბაღების სკოლების მიმდებარე ტერიტორიებზე. იქ სადაც ჩატარდა კვლევა, შედეგებმა აჩვენა, რომ ტყვია ჰაერში ნამდვილად არ არის“, – განაცხადა არაბიძემ.
შეგახსენებთ, საწვავის ხარისხის გასაკონტროლებლად საქართველოში 80 ბენზინგასამართი სადგური, წინასწარი გაფრთხილების გარეშე, შემოწმდება. ამის შესახებ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ, ნელი კორკოტაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, მთელი ქვეყნის მასშტაბით, დაახლოებით, 80 ბენზინგასამართ სადგურს შეამოწმებენ და 240 სინჯს აიღებენ.
„ვამოწმებთ გოგირდის, ტყვიის შემცველობაზე, ასევე. დგინდება ოქტანობა რამდენია. შარშან იყო რამდენიმე შემთხვევა, როცა გოგირდის შემცველობა დიზელის საწვავში გადამეტებული იყო. 3 კომპანია დაჯარიმდა ამის გამო.
2014 წლიდან ვახორციელებთ კვლევებს და ტყვია არცერთხელ აღმოჩენილა საწვავში“, – განაცხადა კორკოტაძემ.

თამუნა შეყილაძე

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები