გიგი წერეთელმა ეუთოს მუდმივმოქმედი საბჭოს წევრებს სიტყვით მიმართა

0

ვენაში ეუთოს მუდმივმოქმედი საბჭოს სხდომა გაიმართა, რომელსაც ორგანიზაციის 57 წევრი ქვეყნის ელჩი დაესწრო. ღონისძიების მონაწილეებს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა, საქართველოს პარლამენტის წევრმა, გიგი წერეთელმა მიმართა, რომელმაც საპარლამენტო დიალოგის და ეუთოს ვალდებულებების შესრულების მნიშვნელობაზე ისაუბრა.
„ეუთოს რეგიონში მცხოვრები მილიარდამდე მოქალაქე ანუ მსოფლიოს მოსახლეობის 15% დამოკიდებულია დიპლომატიაზე, რათა მათ მშვიდობის დამყარებაში წარმატებებს მიაღწიონ, განთავისუფლდნენ ზეწოლისგან, დისკრიმინაციისგან, სიღარიბისა და ძალადობისგან. ყოველივე ამისთვის კი აუცილებელია ეუთოს ვალდებულებების შესრულების პოლიტიკური ნების არსებობა”, – აღნიშნა გიგი წერეთელმა.
მისივე განცხადებით, 2018 წელს, პირველი მსოფლიო ომის დასრულების 100 წლისთავზე, ყველამ კარგად უნდა გაითავისოს თუ რა შედეგები შეიძლება მივიღოთ მაშინ, როდესაც დიპლომატია მარცხს განიცდის.
„ყოველთვის არსებობს ისტორიის განმეორების საფრთხე, განსაკუთრებით კონსტრუქციული პოლიტიკური დიალოგის არ არსებობის პირობებში და ჩვენ ყველამ ეს გაკვეთილი უნდა გავითვალისწინოთ”, – მიმართა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა მუდმივმოქმედი საბჭოს წევრებს.
გიგი წერეთელი საველე პირობებში ეუთოს სადამკვირვებლო მისიების არსებობის როლსა და მნიშვნელობას შეეხო და უკრაინაში განხორციელებული სამუშაოებისთვის, ეუთოს სპეციალურ მონიტორინგის მისიას, საპარლამენტო ასამბლეის სახელით, მადლობა გადაუხადა. მანვე სამხრეთ კავკასიის რეგიონში მონიტორინგის მისიის დაბრუნების მნიშვნელობაზე ისაუბრა, რაც მისივე შეფასებით, რეგიონის ქვეყნებს ახალ შესაძლებლობებს მისცემს.
„ეუთოს პარადოქსი მდგომარეობს იმაში, რომ სამხრეთ კავკასიაში, სადაც ორგანიზაციის წევრი სამივე სახელმწიფო, ომების შედეგად დაზარალდა და სადაც ეუთოს ჩართულობა ყველაზე მნიშვნელოვანი და აქტუალურია, იქ ეუთო არ არის”, – განაცხადა გიგი წერეთელმა.
ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა და ეუთოს ელჩებმა შეხვედრაზე საპარლამენტო ასამბლეის შიდა რეფორმირებაზე, ODIHR-ის მიერ წარმოებულ საარჩევნო სადამკვირვებლო საქმიანობებზე და სამხრეთ კავკასიაში ეუთოს საპარლამენტო თანამშრომლობის გაძლიერების საკითხები მიმოიხილეს.
ვენაში, გიგი წერეთელი საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საერთაშორისო საპარლამენტო კონფერენციას დაესწრო და სემინარზე, სახელმწოდებით – „ეუთო აღმოსავლეთ-დასავლეთის დიალოგის ძირითადი პარტნიორი” სიტყვით გამოვიდა.

კომენტარები

კომენტარი