“საქართველო გეოგრაფიული, პოლიტიკური, კულტურული თუ ღირებულებითი სისტემის თვალსაზრისით ევროპის განუყოფელი ნაწილია”

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ევროპის საბჭოს სპორტზე პასუხისმგებელი მინისტრების მე-15 კონფერენცია გახსნა.
მთავრობის მეთაურმა კონფერენციის მონაწილეებს სიტყვით მიმართა და ხაზი გაუსვა ღონისძიების თბილისში ჩატარების მნიშვნელობას. პრემიერ-მინისტრის თქმით, საქართველო უძველესი ცივილიზაციისა და კულტურული მრავალფეროვნების მქონე ქვეყანაა და ამავე დროს, განთქმულია უძველესი სპორტული ტრადიციებით.
„საქართველო გეოგრაფიული, პოლიტიკური, კულტურული თუ ღირებულებითი სისტემის თვალსაზრისით ევროპის განუყოფელი ნაწილია. ევროპული ინტეგრაციის გზაზე კი ჩვენი ერთგული მხარდამჭერია ევროპის საბჭო, რომელთან თანამშრომლობაც რამდენიმე ათეულ წელს ითვლის. 1999 წლიდან დღემდე, თანამშრომლობა საქართველოსა და ევროპის საბჭოს შორის კიდევ უფრო გაღრმავდა და მოიცვა ყველა მიმართულება, მათ შორის მნიშვნელოვან ადგილს იკავებს სპორტის სფერო. აღნიშნულს ადასტურებს საქართველოს მხრიდან ევროპის საბჭოს გაფართოებული წილობრივი შეთანხმების ფარგლებში მრავალმხრივი თანამშრომლობა”, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, სპორტის სფეროს სპორტული მნიშვნელობის გარდა, სხვა დატვირთვაც მიენიჭა და დღის წესრიგში დადგა ისეთი გლობალური მნიშვნელობის საკითხები, როგორიცაა ძალადობის, რასიზმის, დისკრიმინაციის, დოპინგის, გარიგებული თამაშებისა და კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა და ადამიანის უფლებებისა და ძირითადი თავისუფლებების დაცვა.
„სწორედ ამიტომ, დღევანდელი დღე სიმბოლურია, რადგან საქართველოს ინიციატივით, ევროპის საბჭოსთან თანამშრომლობით, შემუშავდა სპორტის სამყაროსთვის უპრეცედენტო დოკუმენტი – საერთაშორისო დეკლარაცია – თბილისის დეკლარაცია ადამიანის უფლებებსა და სპორტზე. ამასთან, შემუშავდა საერთაშორისო რეზოლუციები სპორტში კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლისა და ადამიანის უფლებების დაცვის საკითხებზე. დღეს, 21-ე საუკუნეში სპორტი თანამედროვე ადამიანის ცხოვრების განუყოფელი ნაწილი გახდა. პირდაპირ თუ ირიბად, სპორტის სფერო უფრო და უფრო უახლოვდება საზოგადოების ცნობიერებასა და ყოველდღიურობას. მას, როგორც უნივერსალურ საშუალებას, ენიჭება სოციალური, ეკონომიკური, საგანმანათლებლო და კულტურული მნიშვნელობაც. არაერთი კვლევის შედეგი კი ცხადყოფს, რომ სპორტი ევროპული ინტეგრაციის პროცესის მძლავრი ინსტრუმენტი ხდება”, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
პრემიერ-მინისტრის თქმით, მისასალმებელია, რომ სახელმწიფო უწყებები, საერთაშორისო ორგანიზაციები, ტრანსნაციონალური კორპორაციები თუ არასამთავრობო ორგანიზაციები მნიშვნელოვნად ზრდიან თავიანთ კონტრიბუციებს სპორტის სფეროში და მათ შორისაა საქართველო.
„დარწმუნებული ვარ, რომ ევროპის საბჭოს სპორტზე პასუხისმგებელი მინისტრების კონფერენცია, ისევე, როგორც შემდგომ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ქვეკომიტეტების გაერთიანებული შეხვედრები, გამოიღებს ნაყოფიერ შედეგს და ჩვენი ერთობლივი თანამშრომლობა სამომავლოდ აისახება თითოეული სახელწიფოს დემოკრატიულ განვითარებაზე. ამდენად მნიშვნელოვანი და პრესტიჟული კონფერენციის საქართველოში ჩატარება საშუალებას აძლევს ჩვენს ქვეყანას, თავისი წვლილი შეიტანოს საერთო ევროპული თანამშრომლობის გაღრმავებაში. ნება მომეცით, აქვე აღვნიშნო კონფერენციის თარიღის სიმბოლური მნიშვნელობა, – საქართველო წელს პირველი დამოუკიდებელი რესპუბლიკის გამოცხადებიდან 100 წლის იუბილეს აღნიშნავს. მადლობა მინდა გადავუხადო ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს, ევროპის საბჭოს, ევროპულ კომისიას და ევროკავშირის თითოეულ ინსტიტუტს, რომლებიც ძალისხმევას არ იშურებენ საქართველოს დემოკრატიული განვითარების, ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციისა და ერთიანი ევროპული საზოგადოების კეთილდღეობისათვის”, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
ევროპის საბჭოს სპორტზე პასუხისმგებელ მინისტრთა მე-15 საიუბილეო კონფერენცია ევროპის საბჭოს, EPAS-ის (გაფართოებული წილობრივი შეთანხმება სპორტის შესახებ) და საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ორგანიზებით გაიმართა.
მინისტერიალის ფარგლებში თბილისს ეწვივნენ ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის მოადგილე გაბრიელა ბატაინი-დრაგონი, ევროპის საბჭოს წევრი ქვეყნების სპორტზე პასუხისმგებელი მაღალი თანამდებობის პირები (სპორტის მინისტრები, მინისტრის მოადგილეები) საერთაშორისო სპორტული და არასამთავრობო ორგანიზაციების ხელმძღვანელები.
ევროპის საბჭოს სპორტის მინისტერიალი – 2018 საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენიდან 100 წლის იუბილეს ეძღვნება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები