გენდერული თანასწორობის საბჭომ სამოქმედო გეგმის შესრულების შუალედური ანგარიში განიხილა

 

გენდერული თანასწორობის საბჭომ 2018-2020 წლების სამოქმედო გეგმის შესრულების შუალედური ანგარიში განიხილა, რომელიც 2018 წლის პირველ ექვს თვეს მოიცავს.
პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ და გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარემ თამარ ჩუგოშვილმა სხდომის მონაწილეებს სამოქმედო გეგმით გაწერილი ამოცანების შესრულების ანგარიში გააცნო და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.
მისივე თქმით, გენდერული თანასწორობის სახელმწიფო მექანიზმების დახვეწის კუთხით რამდენიმე მნიშვნელოვანი სიახლეა.
„რეგლამენტის ცვლილებების მიხედვით, გენდერული თანასწორობის საბჭოს ეყოლება მყარად ფიქსირებული სამდივნო, რაც მნიშვნელოვანია ინსტიტუციური მეხსიერების შენარჩუნებისთვის. ასევე, გაზრდილია საბჭოს საზედამხედველო მანდატი, რაც მას ახალი რეგლამენტის ძალაში შესვლის შემდეგ საშუალებას მისცემს ჩაატაროს თემატური მოკვლევა“,- აღნიშნა თამარ ჩუგოშვილმა.
სხდომის მონაწილეები გენდერული თანასწორობის შესახებ ცნობიერების ამაღლებისა და ქალთა გაძლიერების მხარდამჭერის კუთხით ჩატარებულ ღონისძიებებს გაეცნენ.
დღევანდელ სხდომაზე, გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრებმა შრომის კოდექსში შესატან ცვლილებებზე, სექსუალური შევიწროების კანონპროექტზე, მარტოხელა მშობლის შესახებ კანონპროექტზე და გენდერულ კვოტირების საკითხებზე იმსჯელეს.
„უახლოეს პერიოდში ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას ყველა იმ თემაზე, რაც გეგმით არის გათვალისწინებული. სამოქმედო გეგმის პუნქტების დიდი ნაწილი უკვე შესრულებულია და წლის ბოლოს დაგჭირდება, რომ ეს გეგემა განვაახლოთ და სხვა ამოცანები დავისახოთ“,-აღნიშნა თამარ ჩუგოშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები